ეროვნულ გალერეაში მხატვარ ილია პატაშურის ნამუშევრები გამოიფინა

ილია პატაშური 1939 წელს სოფელ ხევშაში დაიბადა. მისი განსაკუთრებით ცნობილი ფერწერული ტილოებია: „დიდგორი“, „ვედრება“, „ბროწეულები“, „კრწანისი“ და სხვ.
Sputnik
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ცნობილი მხატვრის ილია პატაშურის ნამუშევრების გამოფენა „ფხოვის ზარები“ გაიხსნა.
ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო და მხატვარს გამოფენის გახსნა პირადად მიულოცა.

„გამოფენა მართლაც ძალიან საინტერესო გამოვიდა, რაშიც ეროვნული გალერეის ახალი ხელმძღვანელობისა და მთელი გუნდის დიდი წვლილია. ილია პატაშური 1960-იანი წლების მხატვარია, რომლის ხელოვნება ფერისა და ფორმის განსაკუთრებული თანხვედრით გამოირჩევა. იგი თითქოს მუდმივად მითოლოგიზებულ დროში ცხოვრობს“, – განაცხადა წულუკიანმა.

გალერეაში მხატვრის 120 ნამუშევარი (ფერწერა, გრაფიკა) ერთი თვის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი. გამოფენისთვის ასევე მომზადდა და გამოიცა ილია პატაშურის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი კატალოგი.