პენიტენციური სამსახური: სააკაშვილმა მედიკამენტების მიღება დაიწყო

ექიმის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არის სტაბილური, ძირითადი სასიცოცხლო მონაცემები ნორმაშია.
Sputnik
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აუცილებელი მედიკამენტების მიღება კვლავ დაიწყო და მისი მაჩვენებლები გაუმჯობესდა, განაცხადა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამართულ ბრიფინგზე №18 სამკურნალო დაწესებულების თერაპევტმა სანდრო მათეშვილმა.
სააკაშვილმა შიმშილობა 1 ოქტომბერს, დაკავების დღეს გამოაცხადა. რუსთავის №12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის №18 სამკურნალო დაწესებულებაში სააკაშვილის ეტაპირება 8 ნოემბერს განხორციელდა.

„გამომდინარე იქიდან, რომ პაციენტი ბოლო სამი დღის მანძილზე მედიკამენტებს არ იღებდა, მისი ყველა ლაბორატორიული მაჩვენებელი გაუარესებული იყო. გუშინ ყველა აუცილებელი მედიკამენტი მიიღო და მისი ლაბორატორიული მონაცემები, მათ შორის, კალიუმის მაჩვენებელი გაუმჯობესდა. დღეისათვის პაციენტი ყველა მედიკამენტს იღებს“, – განაცხადა მათეშვილმა.

ექიმის თქმით, ექს-პრეზიდენტის მდგომარეობა არის სტაბილური, ძირითადი სასიცოცხლო მონაცემები – პულსი, წნევა, სატურაცია ნორმაშია.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც ქვეყანაში არალეგალურად დაბრუნდა, 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. სააკაშვილი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს, ხოლო მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს – გაყალბებულს.