რუსთავში ავარიული სახლების გამაგრებაზე 4 მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა

რუსთავის მერია უახლოეს პერიოდში გამოაცხადებს ტენდერს და გამოავლენს კომპანიას, რომელიც ქალაქში ავარიულ სახლებს მიხედავს.
Sputnik
თბილისი, 17 ნოემბერი – Sputnik. რუსთავში ავარიული სახლების გამაგრებაზე ქალაქის ბიუჯეტიდან 2022 წელს 4 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. ამის შესახებ ქალაქის ახლად არჩეულმა მერმა ნინო ლაცაბიძემ განაცხადა.
ავარიული სახლების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა ბათუმის ტრაგედიის შემდეგ, სადაც 8 ოქტომბერს ხუთსართულიანი სახლის სადარბაზო ჩამოინგრა. შედეგად ცხრა ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი დაიღუპა.
„დღეს ვიყავი რამდენიმე მისამართზე. შევხვდი მოსახლეობას, ვანახეთ პროექტები, რომელთა მიხედვით ძალიან მალე დავიწყებთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს“, – განაცხადა ლაცაბიძემ და დასძინა, რომ აუცილებლობის შემთხვევაში ცენტრალური ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების მოზიდვა იქნება შესაძლებელი.
თბილისში ე.წ. ხრუშოვკებს დაანგრევენ - კახა კალაძის წინასაარჩევნო დაპირება
საძირკვლის, მზიდი კონსტრუქციების გამაგრების სამუშაოები პირველ რიგში ჩატარდება ავარიულ სახლებში რჩეულიშვილის, ჯავახიშვილისა და თბილისის ქუჩებზე. ასევე იგეგმება ფასადების განახლება და მათი დეკორატიული გაფორმება.
ლაცაბიძის თქმით, უკვე მზადაა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა, ასევე აღდგენითი სამუშაოების პროექტები. მერია უახლოეს მომავალში გამოაცხადებს ტენდერს და გამოავლენს კონტრაქტორ კომპანიას.