მმართველი პარტია სააკაშვილს მოუწოდებს, შეწყვიტოს შიმშილობა და „დაასვენოს ქვეყანა"

კობახიძის თქმით, თუ ოპოზიციას რაიმეს მიღწევა სურს, მან გათვლა ხალხის მხარდაჭერაზე უნდა გააკეთოს, რომელიც მას არ გააჩნია.
Sputnik
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მოუწოდა – შეწყვიტოს შიმშილობა, დესტრუქცია და დაასვენოს ქვეყანა.

„პრაქტიკულად მიწევს სტრასბურგის სასამართლოს მოწოდების გამეორება, რომელსაც ის (მიხეილ სააკაშვილი), თუ არ ვცდები, კვირაზე მეტია არ ასრულებს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, შეწყვიტოს დესტრუქცია, შეწყვიტოს შიმშილობა, დაასვენოს ეს ქვეყანა, თვითონაც დაისვენებს, მგონი, მინიმუმ ექვსი წელი“, – განაცხადა კობახიძემ ბრიფინგზე.

ჟურნალისტების კითხვაზე, ემუქრება თუ არა ქვეყნის პროდასავლურ კურსს საფრთხე, როგორც ამას ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, „ქართული ოცნების“ ლიდერმა აღნიშნა, რომ ამაზე საუბრობენ ადამიანები, რომლებიც დასავლელ პარტნიორებს ლანძღავდნენ.
„ესენი არიან ადამიანები, რომელთა ლიდერები პირდაპირ ლანძღავდნენ არა მარტო კონკრეტულ დიპლომატებსა და პოლიტიკოსებს, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, არამედ ინსტიტუტებსაც, მიხეილ სააკაშვილის თამადობით. თქვენ გახსოვთ სააკაშვილის, მელიას, გვარამიას და სხვა პირების განცხადებები. როდესაც ისინი საუბრობენ რაღაც გამოგონილ კურსის ცვლილებაზე, ეს, რა თქმა უნდა, არის ცარიელი სპეკულაცია“, – განაცხადა კობახიძემ.
კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ თუ ოპოზიციას რაიმეს მიღწევა სურს, მან გათვლა ხალხის მხარდაჭერაზე უნდა გააკეთოს, რაც მას არ გააჩნია.

„ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ ამ პოლიტიკურ ძალას არ აქვს ხალხის მხარდაჭერა და ამას ახლა თვითონაც ხედავენ, ვინაიდან არ არის მუხტი ქუჩაში, ისევე, როგორც არ ჰქონდათ სათანადო მუხტი არჩევნებზე“, – აღნიშნა კობახიძემ.

მმართველი პარტიის ლიდერმა ასევე მიმართა პარლამენტის დეპუტატს, ოპოზიციური პარტია „დროას“ ლიდერს ელენე ხოშტარიას – შეწყვიტოს შიმშილობა. ხოშტარიამ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით საკანონმდებლო ორგანოში შიმშილობა 3 ნოემბერს დაიწყო.
რაც შეეხება სააკაშვილს, მან შიმშილობა 1 ოქტომბერს, დაკავების დღეს გამოაცხადა.