თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. ცნობილი გახდა დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც ზუგდიდში ახალაშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცემათ. ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს.
ბინები იძულებით გადაადგილებულ 600 ოჯახს ბარამიას ქუჩაზე ახალაშენებულ კორპუსებში გადაეცემათ. სააგენტომ ბინების განაწილებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია გამოაქვეყნა. დევნილებს გადაეცემა ერთოთახიანი, ოროთახიანი, სამოთახიანი ბინები. ბინების განაწილება სულადობით ხდება. აღსანიშნავია, რომ ცხრასულიან ოჯახებს გადაეცემა ორ და სამოთახიანი ბინა, ხოლო ათსულიან ოჯახს - ორი სამოთახიანი ბინა.
„დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ თითოეული ოჯახის საკითხი ღიად და გამჭვირვალედ, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განიხილა. ამ ეტაპზე, ზუგდიდში, დამატებით, დევნილთა საცხოვრებელი ორი ნგრევადი შენობა იხურება“, - ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.
უწყების ინფორმაციით, სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრები ინდივიდუალურად შეხვდებიან ყველა იმ დევნილს, რომელსაც ბინების განაწილების პროცესთან დაკავშირებით შეკითხვები გააჩნია.
იძულებით გადაადგილებული პირების მიღება ზუგდიდში (თბილისის ქ.N1) 18, 19 და 20 ნოემბერს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე გაიმართება.
ბარამიას ქუჩაზე დევნილი ოჯახებისთვის მასშტაბური თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსი აშენდა. შესრულებული სამუშაოები ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა მოინახულეს.
არსებული მონაცემებით, ბოლო წლების განმავლობაში ზუგდიდში ახალ საცხოვრებელ კომპლექსში ბინა 700-ზე მეტ დევნილ ოჯახს უკვე გადაეცა და შედეგად 80-ზე მეტი დანგრევის პირზე მყოფი ობიექტი დაიხურა.