„არანაირი გვერდითი ეფექტი“: გინცბურგმა ნაზალური ვაქცინის უსაფრთხოება შეაფასა

Sputnik
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. კორონავირუს SARS-CoV-2-ის საწინააღმდეგო ნაზალურ ვაქცინას არანაირი გვერდითი ეფექტი არ გამოუვლენია, განაცხადა РИА Новости-სთან საუბრისას გამალეის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ალექსანდრ გინცბურგმა.
ოქტომბრის შუა რიცხვებში ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ გამალეის ცენტრის მიერ შექმნილი SPRAY 08-Гам-КОВИД-Вак-2021-ის კლინიკური კვლევების ნებართვა გასცა.

„დღეისათვის ნაზალური ვაქცინისთვის არანაირი გვერდითი ეფექტი არ შეგვინიშნავს“, — აღნიშნა მან.

როგორც გინცბურგმა განუცხადა სააგენტოს, ვაქცინის ნაცვლად COVID-19-ის წინააღმდეგ ამ პრეპარატის გამოყენების საკითხი კლინიკური კვლევების საფუძველზე გადაწყდება და მასზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი ჯერ არ არსებობს.
მეცნიერის თქმით, ნაზალური ვაქცინით აცრა ექვს თვეში ერთხელ იქნება საჭირო. ამასთან არ გამოირიცხება, რომ ამ პრეპარატის გამოყენება უფრო იშვითადაც გახდეს აუცილებელი. თუმცა ეს საკითხი ჯერჯერობით ასევე შესასწავლია.