თბილისი, 16 ნოემბერი - Sputnik. მოვუწოდებ ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც, გააკეთოთ ყველაფერი, რომ ეს პერმანენტული აქციები შეწყდეს და მოიძებნოს სადავო პოლიტიკური საკითხების გადაჭრის რაიმე ალტერნატიული გზები, განაცხადა ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი თქმით, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შედეგად მკვეთრად იზრდება პანდემიის შემდგომი გაფართოების და გარდაცვალების შემთხვევების რისკები.
„ჩვენ ისედაც ვწუხდით ძალიან, რომ საქართველოში ტრადიციულად ძნელი იყო თავის არიდება ხალხმრავალი შეკრებებისგან, ვგულისხმობ ქორწილებს, ქელეხებს, სპორტულ ღონისძიებებსა და სხვა. ეს არ გვეყოფოდა და ამას დაემატა პოლიტიკურად მოტივირებული აქციები. გასაგებია, რომ იყო არჩევნები, პოლარიზაცია საზოგადოებაში და პოლიტიკური პროცესები მიდის, რომელსაც ვერ შევაჩერებთ, თუმცა ყველაფერს აქვს საზღვარი“, - განაცხადა ცერცვაძემ.
მისი თქმით, შთაბეჭდილება რჩება, რომ მოსახლეობა შეგნებულად თუ გაუცნობიერებლად მიდის იმაზე, რომ საქართველოში ასევე პერმანენტულად იყოს აქტიური შემთხვევებისა და გარდაცვალების ძალიან მაღალი რიცხვი.
ცერცვაძემ მოსახლეობას გამოფხიზლებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ პოლიტიკურმა პროცესებმა შესაძლოა ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება საგრძნობლად გააუარესოს. მან ასევე საქართველოში ვაქცინაციის ძალიან დაბალ მაჩვენებელზეც ისაუბრა.
„სრულად ვაქცინირებულია მთლიანი მოსახლეობის მხოლოდ მეოთხედი – 25% და ეს დაახლოებით მილიონი ადამიანია. ევროპის ქვეყნებში და ამერიკაში მოსახლეობის 2/3 სრულად ვაქცინირებულია და ეს არის მთავარი ფაქტორი. ასევე პრობლემაა, რომ ნიღბის გამოყენების პროცენტი კვლავ ძალიან დაბალი რჩება - 40-45%“, - აღნიშნა ცერცვაძემ.
საქართველოში 8 ნოემბრიდან პერმანენტული საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, ერთ დღეში რამდენიმე აქცია ტარდება. მიტინგების მთავარი მოთხოვნაა - მოშიმშილე ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა, შემდეგ მისი გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა.
სააკაშვილმა შიმშილობა 1 ოქტომბერს, დაკავების დღეს გამოაცხადა. საქართველოს მესამე პრეზიდენტი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს, ხოლო მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს – გაყალბებულად. სააკაშვილის მრავალპროფიკურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით რამდენიმე პოლიტიკოსმა და საზოგადო მოღვაწემ შიმშილობა დაიწყო. ხელისუფლება აცხადებს, რომ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნა საფუძველს მოკლებულია. ის რუსთავის ციხიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში გასულ ორშაბათს გადაიყვანეს.
რაც შეეხება ვაქცინაციის პროცესს, ამ დროისთვის სულ ჩატარებულია 2.057.216 აცრა, აქედან ბოლო 24 საათში – 8.224. ამჟამად ქვეყანაში სრულად ვაქცინირებულია ზრდასრული მოსახლეობის 33,9%. ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 5.204 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 83 ადამიანი.