მსოფლიო დღეს

ირანში ზედიზედ ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა: ვრცელდება ვიდეო

Sputnik
თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. ირანის სამხრეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულია ორი ადამიანი, დაშავებულთა რაოდენობამ 99 ადამიანს მიაღწია, იუწყება სააგენტო ISNA.
სამედიცინო სამსახურის ცნობით, დაშავებულთაგან ათი ადამიანი ჰოსპიტალიზებულია, ხოლო დანარჩენები სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ შინ გაუშვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ირანში 6,3 და 6,4 მაგნიტუდის ორი მიწისძვრა პროვინცია ჰორმოზგანში მოხდა. ირანის სეისმოლოგიური ცენტრის ცნობით, პირველი მიწისძვრის კერა 18 კმ სიღრმეზე, ხოლო მეორისა — 10 კმ სიღრმეზე მდებარეობდა.
რყევები იგრძნობოდა როგორც მეზობელ პროვიციებში — ქერმანსა და ფარსში, ისე არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საუდის არაბეთშიც.
გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად გაითიშა ელექტროენერგია და დაირღვა ტელეკომუნიკაციის სისტემების მუშაობა.