ტრაგედია შატილში: სასამართლომ ბრალდებულებს განაჩენი გამოუტანა

ტურისტული კომპანიის დირექტორი და მიკროავტობუსის მფლობელი პასუხს აგებენ ტურის დროს ადამიანების დაღუპვისთვის.
Sputnik
თბილისი, 15 ნოემბერი – Sputnik. შატილში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე, როდესაც ავარიის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულებს სამი და შვიდი წლით პატიმრობა შეუფარდა.
2020 წლის 23 აგვისტოს ხევსურეთის გზაზე, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბისოს მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოავარიის შედეგად საექსკურსიო მიკროავტობუსი, რომელშიც 20 მგზავრი იმყოფებოდა, დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ადგილზე დაიღუპა 17 ადამიანი, მათ შორის მძღოლი და გიდი. სამი ადამიანი კი მძიმედ დაშავდა. მარშრუტი იყო ორგანიზებული ტურისტული სააგენტო Chip Travel Georgia-ს მიერ.
ტურისტული კომპანიის დირექტორს შალვა ბოლოთაშვილს სამი წლით პატიმრობა შეეფარდა, ხოლო მიკროავტობუსის მფლობელ გოჩა გოგილაშვილს – შვიდი წლით პატიმრობა.
ერთ-ერთი დაშავებულის დიმიტრი ნოზაძის ადვოკატის თქმით, ოჯახი უკმაყოფილოა განაჩენით შალვა ბოლოთაშვილის მიმართ, რომლის შემთხვევაში მუხლის გადაკვალიფიცირება მოხდა (სსკ-ის 220-ე პრიმა მუხლი – გულგრილობა, სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია).
შატილის გზაზე მომხდარ საზარელ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით ორი პირი დააკავეს
ბოლოთაშვილსა და გოგილაშვილს თავდაპირველად ბრალი წარედგინათ სსკ-ის 277-ე მუხლით – „სატრანსპორტო საშუალების უხარისხო რემონტი, ტექნიკურად გაუმართავი ტრანსპორტის საექსპლუატაციოდ გაშვება, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა“. ეს მუხლი 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ადვოკატს არ აქვს ინფორმაცია, თუ რატომ მოხდა მუხლის გადაკვალიფიცირება. მისი თქმით, ოჯახი განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიკროავტობუსის წინა სამუხრუჭე სისტემა ტექნიკურად გაუმართავი იყო. მიკროავტობუსის ტექნიკური მახასიათებლით დადგენილი 15 მგზავრის ნაცვლად კი კუსტარულად დამონტაჟებული სავარძლებით სატრანსპორტო საშუალებას, მძღოლის გარდა, 19 მგზავრი გადაჰყავდა. გარდა ამისა, მგზავრთა უსაფრთხოების ღვედები კუსტარულად, მავთულების გამოყენებით იყო დამონტაჟებული.
აღნიშნული დარღვევების გამო ავტომობილი ტექდათვალიერების მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა და მგზავრთა გადაყვანისთვის მისი გამოყენება დაუშვებელი იყო.