თბილისის ოპერის თეატრში ბალეტ „მედეას“ პრემიერა გაიმართება

წარმოდგენაზე დასწრებას მხოლოდ „მწვანე პასპორტების“ მფლობელები შეძლებენ
Sputnik
თბილისი, 15 ნოემბერი - Sputnik. ქორეოგრაფ იური პოსოხოვის ბალეტის, „მედეას“ პრემიერა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე 2, 3 და 4 დეკემბერს გაიმართება.
საღამოს სტუმრები ნახავენ ასევე პოსოხოვის ერთმოქმედებიან დადგმას „საგალობელს“, რომელიც ქორეოგრაფმა თბილისში 2008 წელს ქართული ხალხური მელოდიებისა და კომპოზიტორების იოსებ კეჭაყმაძის, არჩილ კერესელიძის, რევაზ ლაღიძის, გიორგი ცაბაძისა და მერაბ მერაბიშვილის ნაწარმოებებზე დადგა.
ბალეტი „მედეა“ მორის რაველის მუსიკაზეა დადგმული. სცენაზე გამოვა ფოცხიშვილის ბავშვთა ეროვნული ბალეტი „პატარა ვარსკვლავები“ დავით ფოცხიშვილის ხელმძღვანელობით. ეს პრემიერა 2020 წელს უნდა შემდგარიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო.
ახალი წესების თანახმად, თეატრში დაიშვებიან მხოლოდ „მწვანე პასპორტის“ მფლობელი მოქალაქეები.