რუსთავის საკრებულოს ექვსმა დეპუტატმა სააკაშვილის მხარდასაჭერად შიმშილობა დაიწყო

სააკაშვილის მხარდასაჭერად შიმშილობს საქართველოს პარლამენტის ათი დეპუტატი, მათ შორისაა პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია.
Sputnik
თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. რუსთავის საკრებულოს ექვსმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა გამოაცხადა, იუწყება ტელეკომპანია „ფორმულა“.

„სააკაშვილს სრულფასოვანი სამედიცინო დახმარების მიღების საშუალებას არ აძლევენ, ამიტომაც ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება შევუერთდეთ პროტესტის უკიდურეს ფორმას – შიმშილობას. ჩვენ შიმშილობას გავაგრძელებთ მანამ, ვიდრე მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება“, – განაცხადა ერთ-ერთმა დეპუტატმა.

ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა 1 ოქტომბერს გამოაცხადა.
სააკაშვილის მხარდასაჭერად შიმშილობს საქართველოს პარლამენტის ათი დეპუტატი, მათ შორისაა პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია. კოლეგებისგან განსხვავებით, რომლებმაც შიმშილობა 14 ნოემბერს დაიწყეს, ხოშტარია საკვების მიღებაზე უარს უკვე მე-13 დღეა აცხადებს.
სააკაშვილის თხოვნის მიუხედავად: ელენე ხოშტარიამ შიმშილობის შეწყვეტაზე უარი თქვა
დეპუტატების თქმით, პროტესტი იმ დრომდე გაგრძელდება, ვიდრე არ მოხდება სააკაშვილის ციხის საავადმყოფოდან მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანა.
ამავე მოთხოვნით თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ოპოზიციის საპროტესტო აქციები ყოველდღიურად იმართება. აქციის მონაწილეები ასევე მოითხოვენ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას.