მსოფლიო დღეს

დასახელდა დედამიწაზე სიცოცხლის მთავარი ბუნებრივი საფრთხე

Sputnik
თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. დედამიწაზე სიცოცხლის მთავარი ბუნებრივი საფრთხე — სუპერვულკანია, აცხადებს დანიური გამოცემა Berlingske-ს მეცნიერი-ჟურნალისტი ლარს ჰენრიკ აგარდი.
აღინიშნება, რომ აგარდმა ცოტა ხნის წინ გამოსცა წიგნი სათაურით „კატასტროფების დიდი ბოროტი წიგნი“, რომელშიც ექსპერტი 75 ათასი წლის წინ კუნძულ სუმატრაზე ვულკან ტობას ამოფრქვევაზე საუბრობს.

„ლავამ, ფერფლმა და ჭვარტლმა უზარმაზარი ტერიტორია დაფარა 400 მეტრამდე სისქეზე. ამ ფენაში სამუდამოდ ჩაიმარხა ყველა მცენარე და ცხოველი ვულკანიდან რამდენიმე ასეული კილომეტრის რადიუსში“, — წერს აგარდი.

მისი კვლევებით, ვულკანმა ფერფლისა და გაზების იმდენად დიდი მასა ამოაფრქვია, რომ მათმა ღრუბელმა აზიის უმეტესი ნაწილი დაფარა მზის სინათლისგან. შედეგად, დედამიწის ამ ნაწილზე ღამემ დაისადგურა.
ამასთან ქარებმა ატმოსფეროს მაღალ შრეებში მთელ მსოფლიოში გაფანტა ვულკანური ფერფლი და გაზი. ბუნებრივ კატასტროფას ვულკანური ზამთარი მოჰყვა, მსოფლიო ტემპერატურა რამდენიმე წლის განმავლობაში ათი გრადუსით დაეცა.
„შეიძლება მხოლოდ ვივარაუდოთ, როგორ აისახა ეს ჩვენს წინაპრებზე“, — წერს ექსპერტი.
მისი თქმით, როდესაც ვულკანის ამოფრქვევიდან რამდენიმე წლის შემდეგ დედამიწაზე სითბო დაბრუნდა, პლანეტაზე მხოლოდ რამდენიმე, შესაძლოა ხუთი ათასი ადამიანიღა რჩებოდა და „კაცობრიობა გადაშენების პირად მყოფ სახეობად იყო ქცეული“.
ამასთან გეოლოგებმა, რომლებმაც ცოტა ხნის წინ სუმატრაზე მდებარე მთვლემარე სუპერვულკანი ტობა შეისწავლეს, აღმოაჩინეს იმის ნიშნები, რომ მის წიაღში მაგმის დაგროვება გრძელდება.
როგორც ექსპერიმენტებისა და ციფრული მოდელირების შედეგებმა აჩვენა, სუპერვულკანების ამოფრქვევები დედამიწის ქერქში თხევადი მაგმის ზედაპირამდე ამოწევის შედეგად ხდება. ათ კილომეტრზე მეტი სიღრმიდან ამოწევის შემდეგ ხდება მაგმის მკვეთრი გაფართოება, რაც აფეთქებასა და კატასტროფულ ამოფრქვევას იწვევს.