პირადი ექიმი: მიხეილ სააკაშვილი ლოგინიდან ვერ ადგა

სააკაშვილმა ორი წამალი მიიღო, მათ შორის ერთი ორგანიზმში კალიუმის დონის ასამაღლებლად
Sputnik
თბილისი, 14 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც 45 დღის წინ შიმშილობა გამოაცხადა, მძიმე სისუსტე აქვს და ის საწოლიდან ვერ ადგა, ამის შესახებ მისმა პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა.
„დღეს პირველი დღეა, რაც მიხეილ სააკაშვილი არ ამდგარა ლოგინიდან, აქვს ძალიან ძლიერი სისუსტე და წევს ლოგინში. რაღაც ტესტები ავიღეთ და ა.შ. საკანში ვესტუმრე, რადგან პრეზიდენტს ქვემოთ ჩამოსვლა არ შეეძლო. ანალიზები ავიღეთ, რაღაც პასუხები მივიღეთ. დასუსტებულია. მძიმე სისუსტეა. ტკივილები არ აქვს. კალიუმის მაჩვენებელი დღესდღეობით დაბალ ნორმაშია. საუბარი ცოტა უჭირს, უყურებს ტელევიზიის გადაცემებს. ახლა იქ დარჩა ამ დაწესებულების მთავარი ექიმი“, - განაცხადა ყიფშიძემ.
მან აღნიშნა, რომ სააკაშვილმა ორი წამალი მიიღო - კალიუმის მოსამატებლად და კიდევ ერთი.
ყიფშიძემ აღნიშნა, რომ სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში მას კლინიკის ექიმი დაურეკავს.
სპეციალურ პენიტენციალურ სამსახურში განაცხადეს, რომ სააკაშვილის რეანიმაციაში გადაყვანის საჭიროება არ არსებობს.
„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური და ის მედპერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. იმის მიუხედავად, რომ მიხეილ სააკაშვილი არ საჭიროებს რაიმე ტიპის სარეანიმაციო ღონისძიებებს, პრევენციის მიზნით, იგი იმყოფება იმ პალატაში, რომელიც სწორედ რეანიმაციის გვერდით მდებარეობს. დაწესებულების სარეანიმაციო პალატა კი აღჭურვილია თანამედროვე ყველა საჭირო ტექნიკით, ასევე ყველა აუცილებელი მედიკამენტით. საჭიროების შემთხვევაში კი მიხეილ სააკაშვილს შესაბამისი სამედიცინო დახმარება პატიმრების ყოველგვარი ევაკუაციის გარეშე, მყისიერად ჩაუტარდება“, - ნათქვამია განცხადებაში.
სააკაშვილი, რომელმაც შიმშილობა 45 დღის წინ გამოაცხადა, ორშაბათს გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავად ყოფილი პრეზიდენტი ამის წინააღმდეგი იყო. ის, მისი ადვოკატები და პირადი ექიმი მის მრავალპროფილურ სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას მოითხოვდნენ.
სააკაშვილმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა და ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას სისხლის სამართლის ორ საქმეზე ექვსი წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. კიდევ სამი საქმე, მათ შორის საზღვრის უკანონო გადმოკვეთა, სასამართლოში განიხილება. ყოფილი პრეზიდენტი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს, საქმეებს – გაყალბებულად.