თბილისი, 14 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები აგრძელებს მზადებას ამხანაგური მატჩისთვის უზბეკეთთან, რომელიც 15 ნოემბერს გორში გაიმართება.
ვილი სანიოლის აღსაზრდელები მატჩისთვის ემზადებიან თბილისში, „ზესტაფონის“ ბაზაზე.
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის განკარგულებაშია 23 ფეხბურთელი. უზბეკეთთან მატჩში გუნდელებს ვერ დაეხმარებიან ლუკა ლოჩოშვილი, რომელსაც მცირე დაზიანება აქვს, და ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა, რომელმაც გუნდის შემადგენლობა ოჯახური მიზეზით დატოვა.
„რაც შეეხება უზბეკეთის წინააღმდეგ მომავალ შეხვედრას, ყველანი 100 პროცენტიანი კონცენტრაციით ვემზადებით. ვცდილობთ, რომ ამ მატჩსაც ისე მივუდგეთ, როგორც ოფიციალურ თამაშს, რადგან ეროვნულ ნაკრებში ამხანაგური შეხვედრა არ არსებობს. ბოლომდე დავიხარჯებით და იმედი მაქვს, რომ წელს დადებითი შედეგით დავასრულებთ“, - განუცხადა სფფ-ის პრესსამსახურს საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა დავით ვოლკოვმა.
ანალოგიურ განწყობაზეა ეროვნული ნაკრების მცველი დავით ხოჭოლავა.
„განვლილი ორი შეხვედრა ძალიან კარგი იყო... ეს განსაკუთრებით ბოლო მატჩს ეხება, სადაც გულშემატკივრებთან ერთად საოცარ ატმოსფეროში ვითამაშეთ. ვთვლი, რომ ამ გარემოებამ შვედეთის წინააღმდეგ მოპოვებულ გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა. რაც შეეხება უზბეკეთის წინააღმდეგ მატჩს, ვერ ვიტყვი, რომ ეს ამხანაგური შეხვედრაა, რადგან წლის ბოლო თამაშია და ამის შემდეგ ეროვნული გუნდი დიდი ხნის განმავლობაში ვეღარ შეიკრიბება. აქედან გამომდინარე, საჭიროა, რომ ეს შეხვედრაც მოვიგოთ და ჩვენი სერია გავაგრძელოთ“, - განაცხადა ფეხბურთელმა.
ამხანაგური მატჩი უზბეკეთთან საქართველოს ნაკრებისთვის წლევანდელ სეზონზე დასკვნითი შეხვედრა იქნება. მატჩი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.
11 ნოემბერს საქართველოს ნაკრებმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ასპარეზობა ბათუმში შვედეთის დამარცხებით (2:0) დაასრულა. საკვალიფიკაციო რაუნდის რვა მატჩში სანიოლის გუნდმა შვიდი ქულა დააგროვა და В ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა.