„ევროვიზია 2022“-ზე საქართველოს უჩვეულო ტრიო Circus Mircus წარადგენს

გადაწყვეტილება „პირველი არხის“ სამხატვრო საბჭომ და მუსიკალურმა პროდიუსერებმა ერთობლივად მიიღეს
Sputnik
თბილისი, 14 ნოემბერი - Sputnik. საერთაშორისო მუსიკალური ტრიო Circus Mircus საქართველოს მომავალ გაზაფხულზე ტურინში, „ევროვიზია 2022“-ის კონკურსზე წარადგენს.
„ევროვიზიის" მონაწილე საქართველოდან რამდენიმე დღის წინ „პირველმა არხმა“ განაცხადების შიდა შერჩევის საფუძველზე შეარჩია. გადაწყვეტილება ტელეკომპანიის სამხატვრო საბჭომ და მუსიკალურმა პროდიუსერებმა ერთობლივად მიიღეს.
დაარსების დღიდან ჯგუფმა სხვადასხვა ჟანრის ათი მუსიკალური კლიპი გამოუშვა. ჯგუფის წევრები ამბობენ, რომ Circus Mircus არის მოძრაობა, რომელიც უპრეცედენტო აუდიოვიზუალური გამოცდილების შესაქმნელად სხვადასხვა სფეროს ათობით პროფესიონალს აერთიანებს. მათ შორისაა ცნობილი დიზაინერი უტა ბექაია.
იტალიამ ორჯერ უმასპინძლა „ევროვიზიის“ კონკურსს - ნეაპოლში (1965) და რომში (1991). ამჯერად „ევროვიზიის“ მასპინძლობის უფლება ქალაქ ტურინმა მოიპოვა - 2021 წლის მაისში როტერდამში იტალიური ჯგუფ Maneskin-ის გამარჯვების წყალობით (სიმღერა Zitti e Buoni).
ნახევარფინალები 10 და 12 მაისს გაიმართება, ფინალი კი 14 მაისს. 66-ე საერთაშორისო კონკურსში წელს 41 ქვეყნის კონკურსანტი მიიღებს მონაწილეობას.