რატომ არ შეუშვეს ევროპარლამენტის დეპუტატი სააკაშვილთან - იუსტიციის მინისტრის პასუხი

იუსტიციის მინისტრი აღნიშნავს, რომ სააკაშვილი მსჯავრდებულის ყველა უფლებით სარგებლობს და მის ჯანმრთელობაზე ციხის სამედიცინო პერსონალი ზრუნავს
Sputnik
თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტთან მისი მდგომარეობის გათვალისწინებით და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დაიშვებიან მხოლოდ საქართველოს პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული ვიზიტორები, ნათქვამია იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის წერილში, რომელიც მან ევროპარლამენტის დეპუტატ ანა ფოტიგას გაუგზავნა.
ანა ფოტიგა საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ციხის კლინიკაში მოსანახულებლად პარასკევს ჩამოვიდა, მაგრამ მას ამაზე უარი ეთქვა. ამის შემდეგ ევროპარლამენტის დეპუტატმა საქართველოს ხელისუფლება გამჭვირვალობისა და კეთილი ნების ნაკლებობაში დაადანაშაულა.
„სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელიც კვლავ უარს ამბობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო მომსახურების მიღებაზე, ასევე, მისი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით პენიტენციური სამსახურის ვალდებულების გათვალისწინებით, მასთან დაიშვებიან მხოლოდ საქართველოს პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული ვიზიტორები“, - ნათქვამია ბრეგაძის წერილში ევროპარლამენტის დეპუტატის მიმართ.
იუსტიციის მინისტრი აღნიშნავს, რომ სააკაშვილი სარგებლობს ყველა უფლებით, რომლითაც უზრუნველყოფილია ყველა მსჯავრდებული/ბრალდებული, ხოლო მის ჯანმრთელობის მდგომარეობას მუდმივად აკონტროლებს პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პერსონალი, მისი პირადი ექიმი და ექიმების სპეციალური კონსილიუმი.
ევროპარლამენტის დეპუტატს სააკაშვილის მონახულებაზე უარი უთხრეს
ამასთან ის აღნიშნავს, ექს-პრეზიდენტი ციხის კლინიკაში მისი ჯანმრთელობისთვის რისკების მინიმიზაციისა და შესაძლო გართულებების პრევენციის მიზნით გადაიყვანეს, ხოლო სტრასბურგის სასამართლომ სამოქალაქო კლინიკაში მის გადაყვანასთან დაკავშირებულ სარჩელზე უარი თქვა.
სააკაშვილი, რომელმაც შიმშილობა 44 დღის წინ გამოაცხადა, ორშაბათს გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავად ყოფილი პრეზიდენტი ამის წინააღმდეგი იყო. ის, მისი ადვოკატები და პირადი ექიმი მის მრავალპროფილურ სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას მოითხოვდნენ.
სააკაშვილმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა და ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას სისხლის სამართლის ორ საქმეზე ექვსი წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. კიდევ სამი საქმე, მათ შორის საზღვრის უკანონო გადმოკვეთა, სასამართლოში განიხილება. ყოფილი პრეზიდენტი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს, საქმეებს – გაყალბებულად.