ილია მეორე გიული ალასანიას შეხვდა

მისი თქმით, შეხვედრაზე, რომელსაც კათოლიკოს-პატრიარქის გარდა სხვა სასულიერო პირებიც ესწრებოდნენ, ისაუბრეს სიცოცხლის ღირებულებაზე.
Sputnik
თბილისი, 13 ნოემბერი - Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედას, გიული ალასანიას მისი თხოვნით შეხვდა.
შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა. საპატრიარქოს პრესსამსახურში მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა ალასანიამ საუბრის დეტალებზე ისაუბრა.
„მე ვიცი, რომ მისთვის არაა სულერთი ჩემი შვილის მდგომარეობა. ვიცი, რომ ჩემს შვილს ყოველთვის აქვს უწმინდესის იმედი. ვისაუბრეთ, ძალიან ცოტა ხანი გაგრძელდა ეს შეხვედრა“, - განუცხადა ჟურნალისტებს გიული ალასანიამ.
მისი თქმით, შეხვედრაზე, რომელსაც კათოლიკოს-პატრიარქის გარდა სხვა სასულიერო პირებიც ესწრებოდნენ, ისაუბრეს სიცოცხლის ღირებულებაზე.
რატომ არ შეუშვეს ევროპარლამენტის დეპუტატი სააკაშვილთან - იუსტიციის მინისტრის პასუხი
სააკაშვილი, რომელმაც შიმშილობა 44 დღის წინ გამოაცხადა, ორშაბათს გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავად ყოფილი პრეზიდენტი ამის წინააღმდეგი იყო. ის, მისი ადვოკატები და პირადი ექიმი მის მრავალპროფილურ სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას მოითხოვდნენ.
სააკაშვილმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა და ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას სისხლის სამართლის ორ საქმეზე ექვსი წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. კიდევ სამი საქმე, მათ შორის საზღვრის უკანონო გადმოკვეთა, სასამართლოში განიხილება. ყოფილი პრეზიდენტი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს, საქმეებს – გაყალბებულად.