თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. ევროპარლამენტის დეპუტატმა ანა ფოტიგამ საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკა მას შემდეგ, რაც ციხის ადმინისტრაციამ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე უარი უთხრა.
ანა ფოტიგა პარასკევს ჩამოვიდა საქართველოში, რათა გაეცნოს ქვეყანაში არსებულ სიტუაციას და შეხვდეს გლდანის ციხეში მყოფ მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც ექვსწლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.
„ციხეში მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე უარი მივიღე. ვწუხვარ მთავრობის მხრიდან გამჭვირვალობისა და კეთილი ნების ნაკლებობის გამო და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჯერ კიდევ არსებობს სიტუაციის გამოსწორების შანსი“, – დაწერა ანა ფოტიგამ თავის Twitter-აკაუნტში.
სააკაშვილი, რომელმაც შიმშილობა 44 დღის წინ გამოაცხადა, ორშაბათს გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავად ყოფილი პრეზიდენტი ამის წინააღმდეგი იყო. ის, მისი ადვოკატები და პირადი ექიმი მის მრავალპროფილურ სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას მოითხოვდნენ.
სააკაშვილმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა და ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას სისხლის სამართლის ორ საქმეზე ექვსი წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. კიდევ სამი საქმე, მათ შორის საზღვრის უკანონო გადმოკვეთა, სასამართლოში განიხილება. ყოფილი პრეზიდენტი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს, საქმეებს – გაყალბებულად.