თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვადა 1 ნოემბერს ამოიწურა, ხოლო ქონების გადასახადის გადახდა უნდა მოხდეს არა უგვიანეს 15 ნოემბრისა, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, თუ ფიზიკური პირისა და მისი ოჯახის წევრების შემოსავალი 2020 წელს აღემატებოდა 40.000 ლარს, პირი, ან მისი ოჯახის წევრები საქართველოს ტერიტორიაზე ფლობენ დასაბეგრ ქონებას, ან შემოსავლის ოდენობის მიუხედავად აქვთ დასაბეგრი მიწა, წარმოეშვებათ ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება.
შემოსავლების სამსახურის ცნობით, უწყება მუდმივად ახორციელებს ვალდებულების მქონე გადასახადის გადამხდელთა მონიტორინგს.
„დღეის მონაცემებით, 301.826 ფიზიკურმა პირმა უკვე წარმოადგინა ქონების დეკლარაცია და დარიცხული თანხის საერთო ოდენობამ 75.178.005 ლარი შეადგენა“, ნათქვამია ინფორაციაში.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოქალაქეები უნდა ეწვიონ ვებ-გვერდს https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=471. ასევე ისარგებლონ შემოსავლების სამსახურის ახალი სერვისით „RS ჩათი“, ან დაუკავშირდნენ საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრს ნომერზე: 2 299 299.