ექს-პრეზიდენტის მამამ იუსტიციის მინისტრის მამას წარსული შეახსენა: წერილი „ფეისბუქზე“

ნიკოლოზ სააკაშვილი მიმართავს იუსტიციის მინისტრის მამას, როგორც ექიმი, დაუდგეს გვერდში და უშიშრად გამოხატოს თავისი პოზიცია.
Sputnik
თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. მიხეილ სააკაშვილის მამა ნიკოლოზ სააკაშვილი იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის მამას გრიგოლ ბრეგაძეს ღია წერილით მიმართავს, რომელიც მან საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე გამოაქვეყნა.
ნიკოლოზ სააკაშვილი გრიგოლ ბრეგაძეს ექიმის მოვალეობებს და ასევე წლების წინ მომხდარ ამბავს ახსენებს.

„გრიგოლ, ჩვენ მრავალი წელი ვმუშაობდით ერთად, ვემსახურებოდით ყველაზე ჰუმანურ იდეას — სიცოცხლის გადარჩენას. ჩვენ არასდროს ვარჩევდით პაციენტს მისი შეხედულებების ან რაიმე მიმდევრობის მიხედვით. ჩვენთვის პაციენტი ყოველთვის იყო პაციენტი, იმისდა მიუხედავად, ის პატიმარი იყო თუ არა“, — ნათქვამია მიმართვაში.

ნიკოლოზ სააკაშვილი ახსენებს კოლეგას, რომ მისი ვაჟი რატი ბრეგაძე გერმანიაში განათლების მისაღებად სწორედ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სტიპენდიით გაემგზავრა.
„...სწორედ იმ პრეზიდენტისა, რომელსაც დღეს იუსტიციის სამინისტრო ართმევს სიცოცხლის უფლებას და არ გადაჰყავს სამოქალაქო კლინიკაში. არასდროს დამავიწყდება შენი აღტკინებული, ემოციური საუბარი ჩემთან, რასაც მე სიხარულით შევხვდი. გრიგოლ, ღმერთმა დაგიფაროს, ნამდვილად არ გისურვებ, შენ მოხვდე ჩემ მდგომარეობაში. მე დაგიდგებოდი გვერდში, როგორც კოლეგა და ექიმი და უშიშრად გამოვხატავდი ჩემს პოზიციას!" — წერს ნიკოლოზ სააკაშვილი.
„წამოიყვანეთ!" – ბუბა კიკაბიძე სააკაშვილის დახმარების თხოვნით კიევში ჩავიდა
მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან შიმშილობს. ამ დროისთვის ექს-პრეზიდენტი ციხის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში და არა სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის ერთ-ერთი მიზეზი იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება იმის თაობაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან არეულობები მზადდებოდა.
სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით ოპოზიცია საპროტესტო აქციებს თბილისში ყოველდღე, სხვადასხვა ლოკაციებზე მართავს. აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნებია თავდაპირველად სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა, შემდეგ მისი გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა.