ქართული ფილმი „მეოთხე ბრაიტონი“ აზიური ფილმების მსოფლიო ფესტივალის გამარჯვებულია

ფილმი „მეოთხე ბრაიტონი“ გვიამბობს ქართველი მოჭიდავის ისტორიას, რომელიც ბრუკლინში ჩადის, რათა შვილს აზარტული თამაშების გამო დადებული ვალის გადახდაში დაეხმაროს
Sputnik
თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმმა „მეოთხე ბრაიტონი“ Asian World Film Festival-ის საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვა.
გამარჯვების მოპოვების შემდეგ ლევან კოღუაშვილმა სიტყვით მიმართა ფესტივალის ჟიურის, დამსწრე საზოგადოებას და მადლობა გადაუხადა მათ.

„ქვეყანა საქართველო, რომელიც ევროპისა და აზიის გზაგასაყარზეა, მუდმივად არის კულტურათა თავშეყრის ადგილი და მზად ვართ ამ კულტურული გავლენის მისაღებად“, — აღნიშნა კოღუაშვილმა.

ფილმი ოთხი ქვეყნის თანამშრომლობით არის შექმნილი. თანაპროდიუსერია საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“. აღმასრულებელი პროდიუსერები არიან არმენ ზულოიანი, თინათინ ბერძენიშვილი და რუსუდან მანჯგალაძე. „მეოთხე ბრაიტონის“ ძირითადი ნაწილი გადაღებულია ნიუ-იორკში, ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.
ამასთან „მეოთხე ბრაიტონი“ ასევე იგზავნება „ოსკარსა“ და „ოქროს გლობუსზე“. „ოსკარზე“ ის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში იქნება წარდგენილი.
აღინიშნება, რომ ფილმი გახდა ტრაიბეკას საერთაშორისო კინოფესტივალის სამი მთავარი ჯილდოს მფლობელიც: საუკეთესო ფილმი, საუკეთესო სცენარი, საუკეთესო მსახიობი – ლევან თედიაშვილი.
გარდა ამისა, ფილმმა ახლახან კოტბუსის საერთაშორისო კინოფესტივალის სამი პრიზიც მოიპოვა.
ლევან კოღუაშვილის ფილმი გვიამბობს ამაღელვებელ ისტორიას ქართველი მოჭიდავის, კახის შესახებ, რომელიც ბრუკლინში ჩადის, რათა შვილს აზარტული თამაშების გამო დადებული ვალის გადახდაში დაეხმაროს.
ფილმში კახის პერსონაჟს ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე, მსოფლიოს ხუთგზის და ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონი ლევან თედიაშვილი ასრულებს. ერთ-ერთ მთავარ როლში ასევე არის ლეგენდარული ქართველი მსახიობი კახი კავსაძე, რომლისთვისაც „მეოთხე ბრაიტონი“, სამწუხაროდ, ბოლო ფილმი აღმოჩნდა.
ფილმის დამდგმელი ოპერატორია ფედონ პაპამიქაელი, რომელიც ორჯერ იყო ნომინირებული „ოსკარზე“, როგორც საუკეთესო კინოოპერატორი.