COVID-19 - ბოლო ცნობები

კორონავირუსი წმინდა სინოდში: სამი მიტროპოლიტი ინფიცირებულია

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი იერარქიის სასულიერო პირები ვაქცინირებული არიან თუ არა, ჯერჯერობით უცნობია.
Sputnik
თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის თანამოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე) და ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე) კორონავირუსით დაინფიცირდნენ.
სასულიერო პირთა ინფიცირების შესახებ ინფორმაცია ბოდბის დედათა მონასტრის facebook-გვერდზე გარცელდა.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი იერარქიის სასულიერო პირები ვაქცინირებული არიან თუ არა, ჯერჯერობით უცნობია.
გასულ კვირაში თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ კიდევ ერთხელ გამოთქვა საპატრიარქოს პოზიცია, რომ სასულიერო პირები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას არ ეწინააღმდეგებიან, თუმცა მიიჩნევენ, რომ იგი ნებაყოფლობითი უნდა იყოს.
ზვიადაძემ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საპატრიარქოს მოუწოდა, მკაფიოდ დაეფიქსირებინა თავისი პოზიცია ვაქცინაციასთან დაკავშირებით.
საქართველოში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 4.563 შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 771.381-ს მიაღწია.