სახალხო დამცველმა სააკაშვილის ეტაპირების კადრების გასაჯაროება დაგმო

სახალხო დამცველის აპარატი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, პატივი სცენ სააკაშვილის უფლებებს.
Sputnik
თბილისი, 11 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მისი ნების საწინააღმდეგოდ, ძალის გამოყენებით შესახლების ამსახველი კადრების გავრცელებით პატიმრის პატივის, ღირსებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება დაარღვია, ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებაში.
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის რუსთავის ციხიდან გლდანის №18 სამკურნალო დაწესებულებაში ეტაპირების ამსახველი ვიდეოკადრების ორი ეპიზოდი გაავრცელა. ერთზე ჩანს, რომ ის ძალის გამოყენებით შეჰყავთ ციხის საავადმყოფოში, მეორეზე – როგორ აცხადებს უარს კლინიკაში შესვლაზე სააკაშვილი და შეურაცხყოფას აყენებს ბადრაგს.
მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო: ექს-პრეზიდენტის პირობები

„ვიდეოჩანაწერების ანალიზით დადასტურდა, რომ მიხეილ სააკაშვილის N18 დაწესებულებაში გადაყვანა მოხდა მოტყუებით და მისი ნების საწინააღმდეგოდ, რასაც სახალხო დამცველი 2021 წლის 8 ნოემბერსვე აცხადებდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

მიხეილ სააკაშვილის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოძიება მიმდინარეობს. როგორც ომბუდსმენმა აღნიშნა, გამოძიების მიერ მოთხოვნილი ვიდეოჩანაწერები პენიტენციურ სამსახურს ამ დრომდე არ მიუწოდებია სახელმწიფო ინსპექტორისთვის. შესაბამისად, გაურკვეველია, თუ რატომ გადაწყდა აღნიშნული ვიდეომასალის გასაჯაროება და არა მისი სრული სახით მიწოდება საგამოძიებო ორგანოსთვის.
სახალხო დამცველი მოითხოვს – იუსტიციის მინისტრმა და სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა პატივი სცენ პატიმართა უფლებებს და შეწყვიტონ მიხეილ სააკაშვილის პერსონალურ მონაცემთა, პატივისა და ღირსების დარღვევა.
„კატეგორიულად მიუღებელია": ინსპექტორის სამსახური ვიდეოკადრების კანონიერებას შეისწავლის
ექს-პრეზიდენტმა შიმშილობა დაკავების დღეს, 1 ოქტომბერს გამოაცხადა. დღეს, შიმშილობის 42-ე დღეს მან განაცხადა, რომ შეწყვეტს შიმშილობას, თუ მას სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ, უზრუნველყოფენ მის მკურნალობას და უსაფრთხოებას.
იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ის ციხის საავადმყოფოში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით გადაიყვანეს. ამ დროისათვის ის, ადვოკატების განცხადებით, უარს ამბობს ყოველგვარ სამედიცინო ჩარევაზე და მკურნალობაზე.
სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში და არა სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის ერთ-ერთი მიზეზი იყო აგრეთვე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან არეულობები მზადდებოდა. სუსმა პირდაპირ განაცხადა, რომ არის საშიშროება, სააკაშვილის გათავისუფლების მიზნით მისმა მომხრეებმა კლინიკა შტურმით აიღონ.