სააკაშვილის თხოვნის მიუხედავად: ელენე ხოშტარიამ შიმშილობის შეწყვეტაზე უარი თქვა

ელენე ხოშტარიამ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა 3 ნოემბერს დაიწყო
Sputnik
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. ოპოზიციონერი დეპუტატი ელენე ხოშტარია არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თხოვნის მიუხედავად.
სააკაშვილმა დღეს ხოშტარიას მიმართა და შიმშილობის შეწყვეტა სთხოვა. ის თავადაც თანახმაა შეწყვიტოს შიმშილობა, თუ მას სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ.

„მინდა, ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა მიხეილ სააკაშვილს ჩემს მიმართ ნათქვამი სიტყვებისთვის. მესმის და მეც ალბათ ასე მოვიქცეოდი. ნებისმიერი ადამიანის შიმშილი, ეს არის მძიმე სანახავი. ვიდრე მიხეილ სააკაშვილი არ იქნება გადაყვანილი სამოქალაქო მულტიფუნქციურ საავადმყოფოში, მე, რა თქმა უნდა, შიმშილობას არ ვწყვეტ“, – განუცხადა ჟურნალისტებს ელენე ხოშტარიამ.

პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ შიმშილობა პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით 3 ნოემბერს დაიწყო. ამჟამად ექს-პრეზიდენტი გლდანის ციხის საავადმყოფოში იმყოფება.
მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო: ექს-პრეზიდენტის პირობები
თავად სააკაშვილი 42 დღეა შიმშილობს. ჯანმრთელობის გაუარესების გამო იგი რუსთავის მე-12 ციხიდან გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. იუსტიციის მინისტრმა ამის მიზეზად ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.
სააკაშვილის ადვოკატების თქმით, ის უარს აცხადებს სამედიცინო დახმარებასა და მკურნალობაზე. ოპოზიცია, რომელიც მოითხოვდა სააკაშვილის გადაყვანას მრავალპროფილურ კლინიკაში, ციხის საავადმყოფოში მის გადაყვანას უკანონოს უწოდებს და ამასთან დაკავშირებით ყოველდღიურ საპროტესტო აქციებს მართავს.