რუსეთი შეშფოთებულია შავ ზღვაში აშშ-ის გაზრდილი აქტიურობით

Sputnik
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეერთებულმა შტატებმა და მისმა ნატოელმა მოკავშირეებმა შავ ზღვაში სამხედრო აქტიურობა გაზარდეს, რაშიც ჩართულია სამხედრო-საზღვაო ძალები, საჰაერო და საზღვაო დაზვერვის საშუალებები და ასევე სტრატეგიული ავიაცია, იუწყება РИА Новости.
„ბოლო დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების საზენიტო-სარაკეტო ჯარების რადიოლოკაციურმა საშუალებებმა აღმოაჩინეს და გააცილეს ნატოს ოთხი მზვერავი თვითმფრინავი“, — აცხადებენ თავდაცვის უწყებაში.
„ძალის დემონსტრაცია“: ექსპერტი შავ ზღვაში აშშ-ის ქმედებებს აფასებს
გარდა ამისა, ყირიმის ნახევარკუნძულის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში რუსეთის სახელმწიფო საზღვართან მიახლოება სცადა დიდი ბრიტანეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მზვერავმა თვითმფრინავმა RC-135. მისი მოქმედებების გასაკონტროლებლად ჰაერში აიწია რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების გამანადგურებელი Су-30. ის ბრიტანულ თვითმფრინავს რუსეთის საზღვრიდან დაახლოებით 30 კმ მანძილზე მიუახლოვდა, რის შემდეგაც ბრიტანულმა მზვერავმა კურსი შეიცვალა და რუსეთის საზღვრებს დაშორდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სერგეი რიაბკოვის თქმით, რუსეთი შეშფოთებულია შავ ზღვაში შექმნილი ვითარებით.

„ჩვენ მართლაც შეშფოთებული ვართ იმით, რაც შავი ზღვის რეგიონში ხდება. ეს პროვოკაციების უწყვეტი სერიაა, რომლებსაც შეერთებული შტატები, მისი ნატოელი მოკავშირეები და რეგიონში ამ სახელმწიფოების ზოგი კლიენტი აწყობენ. <…> რას აკეთებენ შავ ზღვაში ამერიკული ხომალდები თავიანთი ბაზირების პუნქტებიდან ათასობით კილომეტრის დაშორებით? არანაირი განმარტება, რომ ეს ყველაფერი ნავიგაციის თავისუფლებისთვისაა, არ მუშაობს. ეს ყველაფერი ცეცხლთან თამაშია, ეს არის ჩვენი ძალების გამოცდის კიდევ ერთი მცდელობა“, — განუცხადა მან ჟურნალისტებს.

მან აღნიშნა, რომ მოსკოვი ამ გეგმებს გამჭოლად ხედავს და მზად არის წინააღმდეგობის გასაწევად. იმავდროულად რიაბკოვმა გამოთქვა სინანული, რომ დასავლეთის ქვეყნები უგულებელყოფენ შეჯახების გაზრდილ რისკს.
ლავროვი: რუსეთი მზადაა ნატოს ნებისმიერი პროვოკაციისთვის
რეგიონში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრეს კრემლშიც. სახელმწიფოს მეთაურის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აკვირდება სიტუაციას, და რომ შეერთებული შტატების მოქმედებები შავ ზღვაში მისი შეშფოთების საგანია.
მისი თქმით, რუსეთის საზღვრებთან ამერიკული გემების ყოფნა დიდ ყურადღებას მოითხოვს, თუმცა პრეზიდენტების ადმინისტრაციებს შორის კონტაქტები ამ დრომდე არ ყოფილა.
მანამდე აშშ-ის მეექვსე ფლოტის ფლაგმანი Mount Whitney და გამანადგურებელი Porter შავ ზღვაში შევიდნენ სამხედრო წვრთნების ჩასატარებლად. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, ამერიკული გემების აკვატორიაში ყოფნაზე კომენტარისას აღნიშნა, რომ ისინი აკვირდებიან მათ ქმედებებს. უწყებაში მიაჩნიათ, რომ აშშ ცდილობს შექმნას სამხედრო დაჯგუფება რუსეთის საზღვრებთან, ვაშინგტონის ერთ-ერთი მიზანი — უკრაინის სამხედრო ათვისებაა, რომ შტატები სწავლობენ სიტუაციას იმ შემთხვევისთვის, თუ დონბასში კონფლიქტის გადაჭრა ძალისმიერი გზით გადაწყდება.