თბილისი, 11 ნოემბერი – Sputnik. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) საქართველოს ხელისუფლებას დაავალა, უზრუნველყოს ქვეყნის ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადეკვატური მკურნალობა და უსაფრთხოება, ასევე აცნობოს სასამართლოს მისი მდგომარეობის შესახებ, განაცხადა ექს-პრეზიდენტის ერთ-ერთმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ.
სააკაშვილის ადვოკატებმა ციხის საავადმყოფოში მის გადაყვანასთან დაკავშირებით სასწრაფო წესით სარჩელი შეიტანეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.
„სტრასბურგის სასამართლო მოუწოდებს მიხეილ სააკაშვილს, რომ შეწყვიტოს შიმშილობა“, – განაცხადა გვარამიამ და აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლომ ამ მოწოდებით აღიარა თავად შიმშილობის ფაქტი, რის უარყოფასაც ცდილობდა საქართველოს ხელისუფლება.
გარდა ამისა, მისი თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებით საქართველოს ხელისუფლებას გარკვეული ვალდებულებები დაეკისრა.
„სტრასბურგის სასამართლომ დაავალა საქართველოს ხელისუფლებას, მყისიერად აცნობოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობა და დეტალურად მიაწოდოს ინფორმაცია ყველა იმ სამედიცინო პროცედურის შესახებ, რომელიც ციხის საავადმყოფოში ჩატარდა. სასამართლომ დაავალა სახელმწიფოს, რომ აუცილებლად გაითვალისწინოს ის გარემოება, რომ ის ვალდებულია უზრუნველყოს პატიმრის ადეკვატური მკურნალობა და უსაფრთხოება“, – განაცხადა გვარამიამ.
ადვოკატმა აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილი შეწყვეტს შიმშილობას, სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფოს დაავალა მისი ადეკვატური რეაბილიტაცია, მკურნალობა და უსაფრთხოება.
ახლა, გვარამიას თქმით, ადვოკატებმა და ხელისუფლებამ ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია სტრასბურგის სასამართლოს უნდა მიაწოდონ ყოველდღიურად, 24 ნოემბრამდე, როდესაც სტრასბურგის სასამართლოს კიდევ ერთი სხდომა გაიმართება.
სააკაშვილი 41 დღეა შიმშილობს. იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ჯანმრთელობის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით იგი გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. თავად სააკაშვილი, ადვოკატების თქმით, უარს აცხადებს სამედიცინო დახმარებასა და მკურნალობაზე.