თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა მხარდამჭერებთან ერთად ვაჟა-ფშაველას ძეგლიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობამდე მსვლელობა გამართეს.
მსვლელობის მონაწილეებმა უკვე გადაკეტეს გზის სავალი ნაწილი, რის გამოც ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.
მსვლელობის დაწყებამდე აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ნიკა მელიამ.
„ძალადობა ჩვენი მიზანი არ არის და არც არასდროს იქნება, ჩვენ არ ვაპირებთ სადმე შეჭრას ან ვინმეს შეურაცხყოფას, რადგანაც ჩვენ მართალი ხალხი ვართ. და როგორც მართალი ხალხი, ჩვენ მშვიდობიანად ვებრძვით სისტემას. ჩვენი გეგმები სხვადასხვა ლოკაციაზე მშვიდობიანი აქციებია", – განაცხადა მელიამ.
მისი თქმით, ხვალინდელი დღის გეგმა საღამოს დაგეგმილ აქციაზე გამოცხადდება.
ოპოზიციამ საპროტესტო მოძრაობის დაწყების შესახებ ორშაბათს, 8 ნოემბერს განაცხადა. მას შემდეგ ოპოზიციის მხარდამჭერები სხვადასხვა უწყებებთან საპროტესტო აქციას ერთი და იმავე მოთხოვნით მართავენ: საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თავდაპირველად სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა, შემდეგ მისი პატიმრობიდან გათავისუფლება და ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.