მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო: ექს-პრეზიდენტის პირობები

ამ დროისთვის ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უარს აცხადებს სამედიცინო დახმარებასა და მკურნალობაზე.
Sputnik
თბილისი, 11 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო, განაცხადა მისმა ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ.
მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბრიდან - მისი დაკავების დღიდან შიმშილობს.
როგორც გვარამიამ აღნიშნა, ამ გადაწყვეტილების შესრულებისთვის ექს-პრეზიდენტი გარკვეულ პირობებს აყენებს.

„ვითხოვ, ექიმთა კონსილიუმის მიერ მიღებული იქნეს გადაწყვეტილება, რომელ მულტიფუნქციურ და მაღლტექნოლოგიურ კლინიკებში და მკურნალობის რა პირობებით ვიქნები უზრუნველყოფილი პოსტშიმშილობის რეაბილიტაციის პროცესის დროს. კონსილიუმი უნდა იყოს მხოლოდ პროფესიონალებისგან შემდგარი პარიტეტულ საფუძველზე, ჩემი წარმომადგენლებისა და სახელმწიფოს მიერ დანიშნული წარმომადგენლების თანაბარი რაოდენობის ექიმების შემადგენლობით“, - აღნიშნულია სააკაშვილის წერილში, რომელსაც გვარამია ასაჯაროებს.

სააკაშვილის განცხადებით, როგორც კი მიღებული იქნება გადაწყვეტილება და გადაიყვანენ მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან მისთვის მისაღებ დაწესებულებაში, შიმშილობას დაუყოვნებლივ შეწყვეტს.
ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა პარტია „დროას" ლიდერს, ელენე ხოშტარიასაც მოუწოდა შიმშილობის შეწყვეტისკენ.
„მინდა, მივმართო ელენე ხოშტარიას, უდიდესი პატივისცემით და მადლიერებით, ბოლო დღეებში მისი, გადაუჭარბებლად რომ ვთქვათ, გმირული და პატრიოტული საქციელის გამო და მოვუწოდო გულმხურვალედ, ჩემი ამ გადაწყვეტილების საფუძველზე დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მისი ჯანმრთელობისთვის საშიში შიმშილობის პროცესი“, - აღნიშნულია სააკაშვილის წერილში.
ელენე ხოშტარია 3 ნოემბრიდან შიმშილობს. მას რამდენჯერმე დასჭირდა სამედიცინო ჩარევა.
ხოშტარიამ შიმშილობა პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით 3 ნოემბერს დაიწყო.
თავად სააკაშვილი 42 დღეა შიმშილობს. ჯანმრთელობის გაუარესების გამო იგი ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავად სააკაშვილი, ადვოკატების თქმით, უარს აცხადებს სამედიცინო დახმარებასა და მკურნალობაზე.