თბილისი, 11 ნოემბერი - Sputnik. ეკონომიკის სამინისტროში რეფორმების გატარების მხარდაჭერის შესახებ მემორანდუმი ხელმოწერილია დღეს თბილისში, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა ნიკ ბერესფორდმა და დიდი ბრიტანეთის მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ კლერ ოლბრესმა.
მემორანდუმი ითვალისწინებს მხარდაჭერას სამინისტროს სტრუქტურული მდგრადობის უზრუნველყოფის, საჯარო მოხელეთა ტრენინგებისა და პროფესიული გადამზადების, აგრეთვე სექტორული განვითარების დოკუმენტების მომზადების მიმართულებით.
დოკუმენტის თანახმად, დიდი ბრიტანეთის მთავრობა და UNDP ხელს შეუწყობენ სამინისტროს საჭიროებების შეფასებას პოლიტიკის დაგეგმვის, მონიტორინგისა და შეფასების საკითხებში, ისევე როგორც შესაბამისი ტრენინგების ჩატარებას, რომლებიც დაეფუძნება საქართველოს მთავრობის მიერ 2019 წელს დამტკიცებულ პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის განახლებულ ჩარჩოს.
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) განვითარების სფეროში გაეროს გლობალურ ქსელს წარმოადგენს. ის მხარს უჭერს ცვლილებებს და მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესების მიზნით უზრუნველყოფს წვდომას ცოდნის წყაროებზე, პრაქტიკულ გამოცდილებაზე და რესურსებზე. გაეროს განვითარების პროგრამა მუშაობს 166 ქვეყანაში და ეხმარება მათ საკუთარი გადაწყვეტილებების შემუშავებაში გლობალური და ეროვნული განვითარების პრობლემების გადასაჭრელად. საკუთარი პოტენციალის განვითარებისას ისინი ეყრდნობიან გაეროს განვითარების პროგრამისა და მისი პარტნიორების ფართო წრის გამოცდილებას.