მსოფლიო დღეს

შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ ახალ პარტნიორულ ქარტიას მოაწერეს ხელი

Sputnik
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ვაშინგტონში აშშ-სა და უკრაინას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ახალ ქარტიას მოაწერეს ხელი, ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
აშშ-ის საგარეო საქმეთა სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ ახალ ქარტიაზე ხელმოწერა არის აშშ–უკრაინის ურთიერთობების მნიშვნელობის დადასტურება, „რაც დაფუძნებულია როგორც საერთო ღირებულებებზე, ისე საერთო ინტერესებზე“.

„შეერთებული შტატები აპირებს მხარი დაუჭიროს უკრაინის ძალისხმევას, დაუპირისპირდეს შეიარაღებულ აგრესიას, ეკონომიკურ და ენერგეტიკულ შეფერხებებსა და მავნე კიბერაქტივობას რუსეთის მხრიდან, მათ შორის რუსეთის საწინააღმდეგო ან რუსეთთან დაკავშირებული სანქციების შენარჩუნებით“, — ნათქვამია დოკუმენტში.

ამასთან ქარტიაში ვაშინგტონმა კვლავ დააფიქსირა „უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ყირიმის ჩათვლით... რუსეთის აგრესიის პირისპირ, რომელიც საფრთხეს უქმნის რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას და ზიანს აყენებს წესებზე დამყარებულ გლობალურ წესრიგს“.
დოკუმენტში აღინიშნება, რომ რუსეთის წინააღმდეგ ზომები შენარჩუნდება მანამ, სანამ „უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება“.
განახლებული ქარტია შეცვლის აშშ–უკრაინის ანალოგიურ დოკუმენტს, რომელსაც ხელი 2008 წლის დეკემბერში მოეწერა. როგორც დმიტრო კულებამ განაცხადა, ქარტიის 2021 წლის რედაქცია ბევრით განსხვავდება ძველისგან, გათვალისწინებულია რა მასში ახალი რეალობები, კერძოდ, რუსეთის ფედერაციის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. შეერთებული შტატები და უკრაინა შეთანხმდნენ, რომ ქარტიის ტექსტი ყოველ ათ წელიწადში ან, აუცილებლობის შემთხვევაში, უფრო ხშირად გადაიხედება.