როგორ შეიყვანეს სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში: ვიდეო

საქართველოს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გამოაქვეყნა კადრები, რომელშიც ჩანს, როგორ შეჰყავთ მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში და როგორ ათავსებენ პალატაში
Sputnik
სპეციალურ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ექს-პრეზიდენტის ერთ-ერთი ადვოკატის, ნიკა გვარამიას ბრალდებას უპასუხა, რომლის თქმითაც, „სააკაშვილი მანქანიდან გადმოათრიეს და პრაქტიკულად 30 მეტრი ათრიეს საავადმყოფოს კორპუსამდე“.
„ეს არის ძალიან დიდი სიცრუე... რეანიმობილი გაჩერებულია პირდაპირ დაწესებულების კართან, სადაც მას ვერავინ დაინახავდა... პატიმარი არ დაემორჩილა ჩვენი თანამშრომლების კანონიერ მოთხოვნას, როდესაც ის უნდა გადასულიყო რეანომობილიდან და შესახლებულიყო დაწესებულებაში. ამ დროს მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა ჩვენს თანამშრომლებს", - განაცხადა ბრეგაძემ.
მისნისტრის თქმით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს როგორც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, ისე იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა 42 დღის წინ გამოაცხადა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ის ციხის კლინიკაში გადაიყვანეს. თავად სააკაშვილი, მისი ადვოკატების თქმით, ამჟამად უარს ამბობს სამედიცინო დახმარებასა და მკურნალობაზე. სააკაშვილის ციხის კლინიკაში გაგზავნის ერთ-ერთი მიზეზი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მოსალოდნელი არეულობები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში შიშობენ, რომ ექს-პრეზიდენტის მხარდამჭერებმა შესაძლოა კლინიკაში შეჭრა სცადონ მისი გათავისუფლების მიზნით.