თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. შეერთებული შტატების მოქმედება შავ ზღვაში უკავშირდება ვაშინგტონის პოზიციას რუსეთის შეკავებისა და ძალის დემონსტრირების შესახებ, განუცხადა РИА Новости-ს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიისა აშშ-ისა და კანადის ინსტიტუტის სამხედრო-პოლიტიკური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა, ეკონომიკის უმაღლესი სკოლის მსოფლიო პოლიტიკის კათედრის პროფესორმა ვლადიმირ ბატიუკმა.
მანამდე აშშ-ის და მისი მოკავშირეების წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად შავ ზღვაში ამერიკული გამანადგურებელი Porter-ი და ფრთოსანი რაკეტებით აღჭურვილი ფლაგმანი Mount Whitney შევიდნენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ამერიკელი სამხედროების მიზანია შავი ზღვის, როგორც შესაძლო სამხედრო მოქმედების თეატრის შესწავლა იმ შემთხვევისთვის, თუ კიევი დონბასის საკითხის გადაჭრას ძალისმიერი გზით გადაწყვეტს.
„ეს რუსეთის შეკავების ოფიციალური ამერიკული პოზიციაა, მათ შორის ახლო საზღვრებზეც, შავი და ბალტიის ზღვების ჩათვლით... ეს ვაშინგტონის მხრიდან ძალის დემონსტრირებაა და მეტი არაფერი“, — განაცხადა ბატიუკმა.
შავ ზღვაში აშშ-ის სამხედრო ბაზების შესაძლო მშენებლობის თაობაზე საუბრისას მან ახსენა მონტრეს კონვენცია, რომლის თანახმადაც, იმ ქვეყნების ხომალდებს, რომლებიც შავი ზღვის რეგიონს არ განეკუთვნებიან, აკვატორიაში 21 დღეზე მეტი ხნით დარჩენის უფლება არ აქვთ.
„ამ პირობებში ფლოტის მუდმივი ბაზირებისთვის რაიმე სამხედრო ბაზების აგების უფლება ამერიკელებს უბრალოდ არ გააჩნიათ“, — განმარტა ექსპერტმა.
უფრო მეტიც, ბატიუკის თქმით, ამერიკელები საკუთარ ბაზებს, როგორც წესი, მდიდარ ქვეყნებში ათავსებენ, სადაც სტაბილური პოლიტიკური ვითარებაა. ასეთთა შორის მან დაასახელა დასავლეთ ევროპის სახელმწიფოები, ასევე ბაჰრეინი, იაპონია, სამხრეთ კორეა და ავსტრალია. უკრაინა კი, ბატიუკის აზრით, ამ კრიტერიუმებს არ შეესაბამება.
„ეს ღარიბი ქვეყანაა, რომელშიც შიდა არეულობა სუფევს. ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ საღ ჭკუაზე მყოფმა რომელიმე ამერიკელმა სამხედრო თუ პოლიტიკურმა ლიდერმა გადაწყვიტოს რაიმე მუდმივი ამერიკული სამხედრო თუ საზღვაო ბაზის აგება უკრაინის ტერიტორიაზე“, — მიაჩნია მას.
ბატიუკს ვერ წარმოუდგენია, როგორ შეიძლება დაეხმაროს ამერიკული ხომალდების შავ ზღვაში ყოფნა უკრაინელ სამხედროებს დონბასში. მისი თქმით, ეს სამხედრო მოქმედებების სხვადასხვა თეატრებია.
როგორც აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტში განაცხადეს, მონტრეს კონვენციის გვერდის ავლით რეგულარული წვრთნების ჩატარება რეგიონში რუსეთის დომინირებას შეასუსტებს. შეერთებულმა შტატებმა მოუწოდა სახელმწიფოებს, გააერთიანონ ძალისხმევები მონტრეს კონვენციით გათვალისწინებული შეზღუდვების დასაძლევად.