თბილისი, 10 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე აცხადებს, რომ მის პაციენტს დაზიანებები აღენიშნება.
ყიფშიძე ესწრებოდა სამედიცინო ექსპერტიზას, რომელიც სააკაშვილს გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის დროს არაადამიანური მოპყრობის შესახებ გამოძიების ფარგლებში ჩაუტარდა.
„ახლა ტარდება სამედიცინო კვლევები, ჯერ არ დამთავრებულა. მე ადრე გამოვედი, რადგან ჩემი საქმე დასრულდა. გარეგანი დათვალიერება უტარდება. აქვს დაზიანებები, რა დაზიანებები აქვს, არ ვილაპარაკებ ამაზე. სხვადასხვა ნაწილებში შევამჩნიე დაზიანებები ჩემი თვალით“, - განაცხადა ყიფშიძემ.
მისი თქმით, სააკაშვილი უარს ამბობს მედიკამენტების მიღებაზე, მაგრამ თანახმაა ანალიზები ჩააბაროს.
„ტესტები ავიღეთ, ტესტების გარკვეული ნაწილი არის იმაზე უარესი, რაც მოსალოდნელი იყო. აქ მკურნალობას ჩვენი პრეზიდენტი არ გადის. მდგომარეობა არ არის კარგი და ასე გაგრძელება შეუძლებელია“, - აღნიშნა ყიფშიძემ.
სააკაშვილი 41 დღეა შიმშილობს. ჯანმრთელობის გაუარესების გამო იგი ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავად სააკაშვილი, ადვოკატების თქმით, უარს აცხადებს სამედიცინო დახმარებასა და მკურნალობაზე.