რატომ არ გადაიყვანეს სააკაშვილი სასამართლოში – პენიტენციური სამსახურის განმარტება

სააკაშვილის ადვოკატები მის სასამართლო დარბაზში გადაყვანას ითხოვდნენ, თუმცა პენიტენციურმა მათი ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და სააკაშვილი სასამართლო სხდომათა დარბაზში არ მიიყვანა.
Sputnik
თბილისი, 10 ნოემბერი – Sputnik. ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მომხრეებს შეიძლება ეცადათ ციხის საავადმყოფოდან სასამართლომდე მისასვლელი გზის ბლოკირება და ქაოსის შექმნა, რაც ხელს შეუშლიდა თბილისის საქალაქო სასამართლოში სააკაშვილის ეტაპირებას, ნათქვამია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.
სამსახურის ცნობით, რამდენიმე დღით ადრე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ხელისუფლების დამხობის მუხლით („შეთქმულება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად“) დაწყებული გამოძიების ფარგლებში გააკეთა განცხადება მოსალოდნელ პროვოკაციებთან დაკავშირებით. აღნიშნული დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან რვა წლამდე ვადით (სსკ-ის 315-ე მუხლის პირველი ნაწილი).
სწორედ მაშინ გახდა ცნობილი სააკაშვილის მხარდამჭერთა გეგმების შესახებ, კერძოდ, რუსთავის ციხიდან სააკაშვილის გადმოყვანის პროცესისთვის ხელის შეშლის თაობაზე.

„მათ განზრახული ჰქონდათ აღნიშნული დესტრუქციული ხასიათის მოქმედებების განხორციელება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდა დაახლოებით 500-600 ავტომანქანა, რაც გამოიწვევდა უკონტროლო სიტუაციას, ქაოსსა და შექმნილი ვითარება ხელს შეუშლიდა მიხეილ სააკაშვილის ეტაპირების პროცესს“, – ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, აღნიშნული სენარის მიხედვით მოვლენების განვითარება, შესაძლოა, სწორედ სხდომის დღეს მომხდარიყო. გარდა ამისა, განცხადების თანახმად, სააკაშვილის ეტაპირება სასამართლოში მისი ჯანმრთელობისთვის დამატებითი რისკის შემცველი იქნებოდა.
„ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სპეციალური პენიტენციური სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას მოახდინოს ბრალდებულ/მსჯავრდებულ მ. სააკაშვილის თბილისის საქალაქო სასამართლოში წარმოდგენა“, – ნათქვამია განცხადებაში.
პენიტენციური სამსახური სააკაშვილის ეტაპირებაზე უარს აცხადებს
თბილისის საქალაქო სასამართლოში 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმეზე პროცესი 13:00 საათზე დაიწყო. უკვე მანამდე ცნობილი გახდა, რომ პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციამ, მიუხედავად იმისა, რომ ამის თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილება მიღებულია, უარი განაცხადა სააკაშვილის ეტაპირებაზე.
სააკაშვილი ბრალდებულია რამდენიმე საქმეზე – „ტელეიმედის", 7 ნოემბრის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე ბიუჯეტის თანხების გაფლანგვასა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში.
საქართველოს მესამე პრეზიდენტს ბრალი წაყენებული აქვს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან რვა წლამდე ვადით.