სერგეი სავჩუკი
დასავლური პრესა სავსეა სტატიებით იმის შესახებ, რომ რუსეთი პოლარული რეგიონის განვითარებაში უპრეცედენტოდ და მიუღებელად შორს წავიდა.
პუბლიკაციების ავტორები რუსეთის პროგრესს შეერთებული შტატების ამჟამინდელ მდგომარეობას ადარებენ და კი არ მიანიშნებენ, არამედ პირდაპირ მოითხოვენ, რომ არქტიკის ცივ წყლებში რუსების შემდგომი გაძლიერება არ დაუშვან.
ფართო დასავლურ აუდიტორიას მთელ რიგ შესრულებულ ფაქტებს აცნობენ. მაგალითად, რომ რუსები მთელი ძალით ახორციელებენ ტრანსარქტიკულ წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკომუნიკაციო ხაზის, მურმანსკი-ვლადივოსტოკის პროექტს. 12,5 ათასი კილომეტრი სიგრძის ჩქაროსნული მაგისტრალი „პოლარული ექსპრესი“ 2026 წლისთვის დააკავშირებს მურმანსკის რეგიონის სოფელ ტერიბერკას შორეულ აღმოსავლეთში ვლადივოსტოკის პორტთან და არა მხოლოდ უზრუნველყოფს სტაბილურ თანამედროვე კავშირს, არამედ ერთმანეთისგან დაშორებულ რეგიონებს დააახლოებს კიდეც. და ეს არის არა ცალკე პროექტი, არამედ ჩრდილოეთი ზღვის მარშრუტის (NSR) განვითარების სახელმწიფო პროგრამის ნაწილი, რომლის ღირებულებაც 890 მილიონი აშშ დოლარია, რაც ძალიან მდიდარი ქვეყნებისთვისაც კი ძალიან მნიშვნელოვანი თანხაა.
რუსეთი არ მალავს თავის მიზნებს. ქვეყნის წინაშე დგას ამოცანა, მნიშვნელოვნად გაზარდოს არქტიკული რეგიონის ეკონომიკური განვითარება და პერსპექტივები. ღიად გაცხადებული ორიენტირები კი ძლიერ შეშფოთებას იწვევს ოკეანის გაღმა.
უცხოელი ანალიტიკოსები ყურადღებას კოლექტიური დასავლეთისთვის კიდევ ერთ ძალიან უსიამოვნო ფაქტზე ამახვილებენ. რუსეთის არქტიკულ რეგიონებში 2,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს — და ეს არქტიკის მთლიანი მოსახლეობის ნახევარია. ანუ არქტიკული წრის მიღმა მცხოვრები ყოველი მეორე რუსია. თავად რუსეთში ამ მიწების მეჩხერად დასახლებას ხშირად ცივილიზაციურ და დემოგრაფიულ მარცხად წარმოაჩენენ. ნეგატიური ტენდენციების, მაგალითად, მოსახლეობის უფრო რბილი კლიმატის მქონე სამხრეთ რეგიონებში გადინების უარყოფა სისულელეა. მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ კანადაში, რომელსაც უკიდურესად მკაცრი კლიმატის მქონე ქვეყნის იმიჯი აქვს, მოქალაქეების 90 პროცენტი სამხრეთში, შეერთებული შტატების საზღვართან ცხოვრობს. თუ შესაბამის რუკას დააკვირდებით, ნახავთ, რომ კანადის უკიდურესი ჩრდილოეთ ანკლავი — ალბერტას პროვინციის ცენტრია, ხოლო რუკის ზედა ნაწილში მხოლოდ გაუკაცრიელებული უდაბნოებია. როგორც ამბობენ, ყველაფერი შედარებით ისწავლება.
გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთის სახელმწიფოს სოციალური ინიციატივები საკმაოდ მოლიპული თემაა და შეუძლია ზედმეტი კითხვები წარმოშვას საკუთარი ხელისუფლების მიმართ, დასავლელ ობივატელს რეგულარულად აშინებს კრემლის სამხედრო მანქანით. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთის ფლოტის შემადგენლობაში შედის უნიკალური ატომური წყალქვეშა ნავი K-329 „ბელგოროდი“, რომ რუსი მეზღვაურები არქტიკაში ცდიან ბირთვულ ტორპედო „პოსეიდონს“, რომ მურმანსკში აშენდა ახალი სამხედრო ბაზა, რომ „ეფ-ეს-ბეს“ საზღვაო ძალების შემადგენლობაში ყოველწლიურად ახალი საპატრულო ხომალდები შედის...
ცალკე თავის ტკივილს წარმოადგენს რუსეთის სწრაფად განვითარებადი ყინულმჭრელი ფლოტი. 40-ზე მეტი ხომალდი უკვე ექსპლუატაციაშია, სამი ახლა იგება, ხოლო მომდევნო 10 წლის განმავლობაში მოსკოვი მინიმუმ 10 ყინულმჭრელის აგებას გეგმავს.
ეს რიცხვები მით უფრო აღმაშფოთებელია იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ის შეიარაღებაში მხოლოდ ორი ანალოგიური ხომალდია — Polar Star და Healy. ამასთან პირველმა უკვე დიდი ხანია, რაც 30 წლის იუბილე აღნიშნა და მხოლოდ სათადარიგო ნაწილების ხარჯზეღა არსებობს, რომლებსაც მის ტყუპისცალ ძმას Polar Sea-ს ხსნიან. ის წელიწადში მხოლოდ ერთ რეისს ახორციელებს, აწვდის რა სანოვაგის მარაგს ანტარქტიდაში მდებარე „მაკ-მერდოს“ სადგურს. მეორე კი სულაც არ არის ყინულმჭრელი — ის ყინულის კლასის ხომალდია, რომელზეც გასული წლის აგვისტოში ძლიერი ხანძარიც გაჩნდა ელექტროგაყვანილობაში მოკლე ჩართვის გამო.
ყინულმჭრელების დისბალანსთან დაკავშირებული ვითარება ხილულად წარმოაჩენს ბევრისთვის უსიამოვნო იმ ფაქტს, რომ დოლარის საბეჭდი დაზგის ჩართვით ყველა პრობლემის გადაჭრა შეუძლებელია. ჯერ კიდევ დონალდ ტრამპმა Polar Security Cutter-ის პროგრამის ფარგლებში ბიუჯეტიდან 1,2 ტრილიონი დოლარი გამოყო ახალი ყინულმჭრელების პროექტირებისა და მშენებლობისთვის. იგულისხმებოდა, რომ ახალი ამერიკული ყინულმჭრელები უკვე 2024 წელს გაივლიდნენ საზღვაო გამოცდებს, მაგრამ ამ დროისათვის ამ თემაზე რაიმე სიახლეების პოვნა უბრალოდ შეუძლებელია.
მაგრამ ყველაზე დიდი საზრუნავი, საგულდაგულოდ დაფარული და სხვა პროცესების ტყეში დამალული, მაინც სხვა რამაა.
რუსეთი ფართომასშტაბიანი გეოლოგიური კვლევის პროგრამას იწყებს პოლარულ წყლებში. აგვისტოს ბოლოს ყინულის კლასის სამეცნიერო-კვლევითმა ხომალდმა „ბავენიტმა“ (პროექტი P-2790), რომელიც სამართლიანად მიიჩნევა თავისი კლასის ერთ-ერთ ყველაზე ტექნიკურად შეიარაღებულ ხომალდად, საძიებო ბურღვა ჩაატარა ლაპტევების ზღვის მანამდე შეუსწავლელ რეგიონებში. „ბავენიტი“, რომელსაც შეუძლია გრუნტის გეოტექნიკური კვლევები 300 მეტრამდე სიღრმის ჭაბურღილებში შეასრულოს 1,5 კმ-ზე მეტ სიღრმეზე, უზარმაზარ ტერიტორიებზე ჩაატარებს კვლევებს. ეს არის ტერიტორიები კარის ზღვაში, ლაპტევების ზღვაში და უზარმაზარი ტერიტორიები აღმოსავლეთ ციმბირისა და ჩუკოტკის ზღვებში, რომლებსაც პირობითად ჰყოფს ვრანგელის კუნძული.
ამავე დროს იმავე მარშრუტზე დაიძრა სხვა სამეცნიერო გემიც — „აკადემიკოსი ლაზარევი“.
და აქ მთავარზე გადავდივართ.
დაუშვებელია რომელიმე გლობალური პროცესის ერთი მოვლენით შეფასება. ეს ავიწროვებს აღქმის ჰორიზონტს და არ გვაძლევს საშუალებას, სრულად გავაცნობიეროთ მთელი სურათი და მოვლენების დინამიკა. და იმისთვის, რომ ორიოდე ფენით უფრო ღრმად ჩავხედოთ იმას, რაზეც მასმედია საუბრობს, უნდა გვახსოვდეს, რომ გლაზგოში კლიმატის ბოლო სამიტის დაწყებამდე ფაქტობრივად ერთი კვირით ადრე ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა გამოაქვეყნეს მზა, ე.ი. ძალიან წინასწარ შემუშავებული პროგრამა არქტიკაში გეოსაძიებო და მოპოვებითი საქმიანობის სრულად აკრძალვის შესახებ.
ევროკომისიაში ლიეტუვის წარმომადგენელმა ვირჯინიუს სინკევიჩიუსმა ერთგვარი „არქტიკული სტრატეგია“ წარმოადგინა, რომელიც გულისხმობს ევროპის რადიკალურ ჩარევას არქტიკის ყველა კლიმატურ (ენერგორესურსულ) პროცესში, ასევე სრულ მორატორიუმს ნახშირწყალბადების შემდგომ ძიებასა და მოპოვებაზე. სტრატეგია გულისხმობს არქტიკული ქვეყნების მხრიდან შელფზე ნავთობსა და გაზზე ნებისმიერი ტერიტორიული პრეტენზიის არქონას. სასაცილოა, რომ ჩამოთვლილ ქვეყნებს შორის არ არის აშშ, სამაგიეროდ მოხსენიებულია რუსეთი, კანადა და დანია.
მაგრამ ევროპელი ეკოდამცველებისთვის ნავთობი და გაზი ერთადერთი ინტერესი არ არის. პირველ ეტაპზე ევროკომისიას სურს გახსნას თავისი წარმომადგენლობები გრენლანდიაში, რომლის წიაღიც ძალიან მდიდარია, მაგალითად, ურანით.
განა გასაკვირია, რომ ევროპელი ჩინოვნიკების ასეთი სასოწარკვეთილი ძალისხმევის შემდეგ სწორედ იმ დროს, როცა „ბავენიტი“ და „აკადემიკოსი ლაზარევი“ ცივი ზღვების აკვატორიაში დაზვერვას აწარმოებენ, რუსეთის პრეზიდენტის გლაზგოში არყოფნამ ვაშინგტონის ესოდენ ძლიერი გაღიზიანება გამოიწვია? მოკოვს, ბუნების დაცვის მშვენიერი ლოზუნგებით, კომპლექსური ხაფანგი მოუმზადეს, რომლის თანახმადაც, პირობების მიღების შემთხვევაში მან უნდა დათმოს არა მხოლოდ საკუთარი ბუნებრივი რესურსები, არამედ უარი უნდა თქვას ბიუჯეტის შევსებასა და პოლარული რეგიონების განვითარებაზეც. ფაქტობრივად, რუსეთს სთავაზობენ დატოვოს არქტიკა, შეზღუდოს სოციალური, სამხედრო და ენერგეტიკული პროგრამები.
მაგრამ მოულოდნელად აწყობილი სცენარის ნგრევა თავად ბრიუსელის მოკავშირეებმა დაიწყეს.
„არქტიკულ სტრატეგიას“ მწვავე კრიტიკით დაესხა თავს ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იონას ჰარ შტორე.
პოლიტიკოსის თქმით, ნორვეგია, რომელიც ევროპის ბუნებრივი აირით მომარაგებაში მეორეა რუსეთის შემდეგ, მორატორიუმის შემოღების შემთხვევაში უარს იტყვის ენერგომომარაგების საიმედოობის გარანტიაზე, უფრო მეტიც, ის არ დაეხმარება ევროკავშირის ქვეყნებს უნახშირბადო ენერგეტიკაზე „მწვანე გადასვლაში“. ოსლო ასევე კატეგორიულად არ ეთანხმება – საფრთხე შეუქმნას ეროვნულ საპენსიო ფონდს, რომლის მთლიანი აქტივები 1,4 ტრილიონ დოლარადაა შეფასებული და რომელიც სწორედ ბუნებრივი გაზისა და ნავთობპროდუქტების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლებიდან ივსება.
მიხაილო ლომონოსოვი დარწმუნებული იყო, რომ რუსეთის სიმდიდრე ციმბირიდან გაიზრდებოდა, ჩვენ კი თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ მთავარი ბრძოლა ბუნებრივი რესურსებისთვის ჯერ კიდევ წინ არის და ის არქტიკაში გაიმართება. და რაც უფრო მეტ წარმატებას მიაღწევს რუსეთი იქ, მით უფრო ხმამაღლა მოითხოვენ მისგან სამხედრო ბაზების გაუქმებას, სამეცნიერო გემების პორტებში დაბრუნებასა და ყინულმჭრელების მშენებლობის შეჩერებას.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს