ბათუმი UNESCO-ს შემოქმედებითი ქალაქების ქსელში შევიდა

ბათუმის მუსიკის ინდუსტრიის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ იმ პროექტებში, რომლებიც მხოლოდ UNESCO-ს მუსიკის ქალაქის წარმომადგენლებისთვის არის ღია.
Sputnik
თბილისი, 10 ნოემბერი - Sputnik. ბათუმს UNESCO-ს მუსიკის ქალაქის წოდება მიენიჭა, ნათქვამია აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს ქალაქებიდან ბათუმი პირველია, რომელიც ამ ტიტულით UNESCO-ს შემოქმედებითი ქალაქების ქსელს შეუერთდა.

„აღნიშნული ტიტულის მინიჭება ბათუმის მერიის მიერ UNESCO-ში წარდგენილი განაცხადის საფუძველზე განხორციელდა, რაც გულისხმობს ქალაქის მზადყოფნას, გაიზიაროს საუკეთესო გამოცდილება და გააძლიეროს თანამშრომლობა, რომელიც ხელს შეუწყობს შემოქმედებას და კულტურული ინდუსტრიების გაძლიერებას, ასევე გაზრდის მონაწილეობას კულტურულ ცხოვრებაში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქის მუსიკის ინდუსტრიის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ იმ უნიკალურ პროექტებსა თუ ღონისძიებებში, რომლებიც მხოლოდ UNESCO-ს მუსიკის ქალაქის წარმომადგენლებისთვის არის ღია.
ბათუმში მუსიკისა და ხელოვნების ყოველწლიური ფესტივალი აღარ ჩატარდება
ბათუმთან ერთად, UNESCO-ს მუსიკის ქალაქებია: ლივერპული, გლაზგო, კინგსტონი, ოკლენდი და სხვა.
UNESCO-ს შემოქმედებითი ქალაქების ქსელს მსოფლიოს კიდევ 48 ქალაქი შეუერთდა. მათ შორის, თბილისი - მედიახელოვნების განვითარების მიმართულებით.
UNESCO-ს შემოქმედებითი ქალაქების ქსელი (UCCN) 2004 წელს შეიქმნა. ამჟამად ქსელში მსოფლიოს 90 ქვეყნის 295 ქალაქია გაერთიანებული, რომლებიც სხვადასხვა პროექტებს მედიახელოვნების, მუსიკის, კინემატოგრაფიის, გასტრონომიის, დიზაინის, ფოლკლორისა და ხელნაკეთი ნივთების მიმართულებით ახორციელებენ.