ყალბი ანგარიშ-ფაქტურები: აჭარაში კომპანიის მფლობელი დააკავეს

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
Sputnik
თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება–გამოყენებისა და სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამართალდამცველებმა აჭარაში ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით მისი ფაქტობრივი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით გაწერა 1.079.560 ლარის ღირებულების სამშენებლო/სარემონტო მომსახურების ამსახველი ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რა გზითაც მისსავე კომპანიას შეუქმნა ჯამში 164.678 ლარის ოდენობის ყალბი აქტივი.
გამოძიება სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე და 210-ე მუხლის პირველი ნაწილებით მიმდინარეობს.
დანაშაული ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.