საუკუნის პროექტი: რიკოთზე ხიდებისა და გვირაბების მშენებლობა გრძელდება

რიკოთზე საერთო ჯამში დაგეგმილია 51,6 კმ-მდე სიგრძის მაგისტრალური ოთხზოლიანი გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს.
Sputnik
თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. რიკოთის საუღელტეხილო გზაზე ხიდებისა და გვირაბების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს, ამ დროისათვის უკვე გაჭრილია 14 გვირაბი, პარალელურად კი სამუშაოები გრძელდება 80 ხიდსა და 47 გვირაბზე, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
რიკოთზე საერთო ჯამში დაგეგმილია 51,6 კმ-მდე სიგრძის მაგისტრალური 4-ზოლიანი გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს. ახალი გზა საგზაო უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს ითვალისწინებს.
ღარიბაშვილი: „საუკუნის პროექტი” – ევროპის მასშტაბით გამორჩეული
„რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა საუკუნის პროექტია, რომელიც ურთულეს გეოლოგიურ და გეოგრაფიულ მარშრუტზე, რთული საინჟინრო კონსტრუქციებით ხორციელდება", – აღნიშნავენ დეპარტამენტში.
უწყების ცნობით, ამ დროისათვის რიკოთზე გადაადგილების საშუალო სიჩქარე 60 კმ/სთ-ია, მშენებლობის დასრულების შემდეგ კი სიჩქარე გაორმაგდება.

„რიკოთის მონაკვეთი ჩქაროსნული გზის მშენებლობაში გარდამტეხი პროექტი იქნება, ვინაიდან ამ პროექტის შედეგად აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში უკვე აშენებული ჩქაროსნული მონაკვეთები ერთმანეთს დაუკავშირდება", – ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მოდერნიზება უმნიშვნელოვანესია საგზაო ქსელის განვითარებისა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით.
რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის დასრულება ეტაპობრივად, 2023 წლისთვის არის დაგეგმილი.