პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრებს ასაჯაროებს

Sputnik
თბილისი, 9 ნოემბერი–Sputnik. საქართველოს პენიტენციურმა სამსახურმა ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ახალი განცხადება და ვიდეოკარები გაავრცელა, რომელშიც კარგად ჩანს, თუ როგორ ალაგებს რუსთავის საპატიმროში საკუთარ ნივთებს სააკაშვილი გლდანის მე–18 სამკურნალო დაწესებულებაში ეტაპირებამდე.
სააკაშვილი რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის №18 სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს, დღის მეორე ნახევარში გადაიყვანეს. როგორც სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში განაცხადეს, ეს გადაწყვეტილება ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილებისა და გაზრდილი საფრთხის გამო იქნა მიღებული.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან პატიმარ მიხეილ სააკაშვილის გასვლის კადრებს, სადაც ნათლად ჩანს, რომ პატიმარ მიხეილ სააკაშვილს არ დაუტოვებია პენიტენციური დაწესებულება მისი ნების საწინააღმდეგოდ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, რომელმაც ექს–პრეზიდენტი ციხის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ მოინახულა, განაცხადა, რომ სააკაშვილის გადაყვანა რუსთავის ციხიდან გლდანის მე–18 სამკურნალო დაწესებულებაში სააკაშვილის ნების საწინააღმდეგოდ მოხდა. მას უთხრეს, რომ იგი სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, დასძინა ლომჯარიამ.
საქართველოს ხელისუფლება სააკაშვილს გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას დიდი ხანია სთავაზობდა. თუმცა თავად პოლიტიკოსი და მისი ადვოკატები პატიმრის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვდნენ და მიზეზად ასახელებდნენ იმას, რომ ციხის საავადმყოფოში სათანადოდ ვერ იქნებოდა უზრუნველყოფილი ყოფილი პრეზიდენტის ვერც მკურნალობა და ვერც უსაფრთხოება.
მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში 29 სექტემბერს არალეგალურად დაბრუნდა და 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. სააკაშვილი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, ხოლო მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს – ფაბრიკაციად.
მიხეილ სააკაშვილმა პროტესტის ნიშნად 1 ოქტომბერს რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადა. მისი პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის სიტყვებით, შიმშილობის 39-ე დღეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებულია და ახლოსაა კრიტიკულთან.