თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა პოლიციელებს გამოვლენილი ღირსებისთვის და მოთმინებისთვის, მაშინ, როცა ოპოზიციის ლიდერები საპროტესტო აქციაზე მათ შეურაცხყოფას აყენებენ.
შეტაკებები და პოლიციის მისამართით შეურაცხმყოფელი გამონათქვამები საქართველოში საპროტესტო აქციებზე იშვიათი არაა. ხმაურის გარეშე არც გუშინ თავისუფლების მოედანზე გამართულ საპროტესტო აქციას ჩაუვლია. მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერები ნიკა მელია და ლევან ხაბეიშვილი ცოცხალ ჯაჭვში ჩამდგარ პოლიციელებს „მონებს“ და „კრიმინალებს“ ეძახდნენ.
„განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი სამართალდამცველებს, გმირ პოლიციელებს გასული დღეების განმავლობაში გამოვლენილი ღირსებისა და მოთმინებისთვის. არ არის ადვილი... შეურაცხყოფის მოსმენა. მადლობა პოლიციელებს, რომლებმაც თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობა ღირსებით შეასრულეს და სახელმწიფო დაიცვეს”, – განაცხადა კობახიძემ.
საპროტესტო აქციების მორიგმა ტალღამ მოიცვა ქვეყანა ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურის და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში მალულად დაბრუნდა, რათა, როგორც თვითონ თქვა, არჩევნების წინ თანამოაზრეები გაემხნევებინა. ოპოზიციონერები ირწმუნებიან, რომ მათ მოიგეს ადგილობრივი არჩევნები, მაგრამ ხელისუფლებამ შედეგები გააყალბა.
ოპოზიციის მოთხოვნებს შორისაა სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა და შემდგომ მისი გათავისუფლება, ასევე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა.
საქართველოში ექს-პრეზიდენტ სააკაშვილს დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა შეწყალების და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში 29 სექტემბერს მალულად ჩამოვიდა და 1 ოქტომბერს ის თბილისში დააკავეს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან შიმშილობს. სააკაშვილი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, ხოლო მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს – ფაბრიკაციად.