COVID-19 - ბოლო ცნობები

სახელმწიფო პენსიონერებს ვაქცინაციის შემთხვევაში 200 ლარით წაახალისებს

დღეისათვის ქვეყანაში ორი დოზით ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ 33,4%-ია ვაქცინირებული, მაშინ, როდესაც მასობრივი იმუნიტეტის გამომუშავებისთვის 70%-ის ვაქცინაციაა საჭირო.
Sputnik
თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. პენსიონერები, რომლებიც 1 იანვრამდე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრებიან, ერთჯერადად 200-ლარიან დანამატს მიიღებენ 1 დეკემბრის შემდეგ, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

„დღეიდან 200-ლარიან ერთჯერად საპენსიო დანამატს მიიღებს თითოეული პენსიონერი, რომელიც ვაქცინაციას 1 იანვრამდე ჩაიტარებს. დანამატი გაიცემა პირველი აცრის გაკეთების შემდეგ", – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 51.382 აქტიური შემთხვევაა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 755 ათასს აჭარბებს.
მიუხედავად იმისა, რომ მასობრივი ვაქცინაცია საქართველოში 5 ივლისს დაიწყო, დღეისათვის სრულად აცრილია ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ 33,4%, მაშინ, როდესაც, სპეციალისტების აზრით, მასობრივი იმუნიტეტის გამომუშავებისთვის 70%-ის ვაქცინაციაა საჭირო.