თბილისი, 8 ნოემბერი – Sputnik. ქვეყანაში 8 ნოემბერს უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2021“ დაიწყო, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„დიდგორი 2021“ წინა სწავლებებთან შედარებით მასშტაბური და განსხვავებულია, რადგან, საშტაბო ნაწილის გარდა, საველე კომპონენტებსაც მოიცავს. მასში მონაწილეობას იღებენ სტრატეგიული და ოპერატიული დონის შტაბები, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს პარლამენტისა და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.
სიმულაციური სცენარის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს კოორდინირებული მუშაობით უწევთ საომარ და კრიზისულ სიტუაციაში ურთიერთქმედება, ასევე ჰიბრიდულ გამოწვევებთან, მოწინააღმდეგის საინფორმაციო ზეგავლენის ოპერაციებთან და დეზინფორმაციასთან გამკლავება.
უწყებათშორისი სწავლების პირველ დღეს საველე კომპონენტი შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტმა და კინოლოგიის სამმართველომ გაითამაშეს. ოპერაციას სწავლების იმიტირებული გენერალური შტაბი საჯარისო ცენტრში განთავსებული მართვის პუნქტიდან აკვირდებოდა.
წელს სწავლება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განკარგულებით ტარდება. წვრთნების დაგეგმვასა და აღსრულების პროცესზე პასუხისმგებელია თავდაცვის ძალები.
აღსანიშნავია, რომ სწავლებაში პირველად იქნება გამოყენებული ახალი სიმულაციური სისტემები VBS3 (Virtual Battlefield), ანუ ვირტუალური ბრძოლის ველი. სიმულაციური სისტემები საწვრთნელ ქვედანაყოფსა და სწავლების მაკონტროლებელ ჯგუფს საშუალებას აძლევს სწავლებაში მიმდინარე მოვლენები რეალურ დროში აკონტროლონ და საერთო ოპერატიულ სურათზე გამოსახონ.
უწყებათშორისი სწავლება წელს მერვედ ტარდება და ის 12 ნოემბრამდე გასტანს.