საქართველოში ნავთობის მოპოვება მესამედით გაიზარდა

ექსპლუატაციაში განახლებული ჭაბურღილების შეყვანამ საქართველოში ნავთობის მოპოვების გაზრდის მნიშვნელოვანი პერსპექტივები გამოავლინა.
Sputnik
თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. 2021 წლის რვა თვეში საქართველოში 26 ათასი ტონა ნედლი ნავთობი მოიპოვეს, რაც 36%-ით მეტია, ვიდრე 2020 წლის იანვარ-აგვისტოში, ნათქვამია საქართველოს ნავთობისა და გაზის სააგენტოს განცხადებაში.
მიმდინარე წლის აღნიშნულ პერიოდში ქვეყანაში მოიპოვეს 14 მილიონი კუბური მეტრი გაზი. ეს მაჩვენებელი 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში 10 მლნ კუბურ მეტრს შეადგენდა.

„მოპოვების მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია ნავთობკომპანიების მიერ თანამედროვე მეთოდით განხორციელებულმა სამუშაოებმა, კერძოდ, განხორციელდა ჰორიზონტალური, ულტრამოკლე რადიუსით ბურღვა, სამგანზომილებიანი სეისმო-საძიებო და მაგნიტოტელური გეოფიზიკური კვლევები", – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ განახლებული ჭაბურღილების ექსპლუატაციაში გაშვების შედეგად გამოიკვეთა მნიშვნელოვანი პერსპექტივები ნავთობისა და გაზის მოპოვების გაზრდის თვალსაზრისით დასავლეთ რუსთავის საბადოზე და მეზობელ – სამგორი-პატარძეულის, თელეთის საბადოებზეც, სადაც უკვე დაგეგმილია მსგავსი სამუშაოების განხორციელება.
ნავთობის მსოფლიო ფასი სწრაფად იზრდება
სააგენტოს ცნობით, ამჟამად საქართველოში ნავთობის ძებნა-ძიებისა და მოპოვების საქმიანობას სახელმწიფოსთან გაფორმებული პროდუქციის წილობრივი განაწილების 25 ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს საერთაშორისო ტენდერებით შერჩეული 11 ინვესტორი კომპანია.
ნავთობის მოპოვება
სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში მოპოვებული ნავთობი მთლიანად ადგილზე, ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში გადამუშავდება. 2020 წელს სულ გადამუშავდა 28.437 ტონა ნავთობი.
2021 წლის სამი კვარტლის მონაცემებით, გადამუშავებულია 28.932 ტონა ნავთობი, რაც ბევრად მაღალი მაჩვენებელია 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (19.000 ტონა ნავთობი). ამგვარად, ნავთობის გადამუშავება 47%-ით გაიზარდა.