ირაკლი ღარიბაშვილი: გვაქვს ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდა

საქართველოს მთავრობის პროგნოზით, 2022 წლის ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 65 მლრდ ლარს შეადგენს, რაც ნიშნავს, რომ ერთ სულ მოსახლეზე მშპ გადასცდება 5.500 აშშ დოლარს.
Sputnik
თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობის პროგნოზით ქვეყანას წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ექნება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ქვეყანას აქვს ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდა.

„ცხრა თვის ეკონომიკურმა ზრდამ 11,3% შეადგინა, გადაიხედა რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზიც და, ჩვენი ვარაუდით, წელს გვექნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. ეკონომიკური ზრდის პროგნოზის ზრდიდან გამომდინარე, გაიზარდა ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზიც და ბიუჯეტის პირველ ვერსიაში პროგნოზირებული 58,4 მლრდ ლარის ნაცვლად გადამუშავებულ ვერსიაში პროგნოზირებულია 58,7 მლრდ ლარის ოდენობით", – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2022 წელს შეადგენს 6%-ს. მაკროეკონომიკური მაჩვენებლებიდან გამომდინარე, 2022 წლის ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 65 მლრდ ლარს შეადგენს, რაც ნიშნავს, რომ ერთ სულ მოსახლეზე მშპ გადასცდება 5.500 აშშ დოლარს.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მთავრობის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი ბიუჯეტის პროექტი კიდევ შეჯერდება.
EBRD-მ საქართველოში 2021 წლის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა
„ჩვენ პარლამენტში წარვადგინეთ კორექტირებული ბიუჯეტი, გადამუშავებული ვერსია, თუმცა ნოემბერში კიდევ ინტენსიურად ვიმუშავებთ სამინისტროებთან, უწყებებთან და თვის ბოლოს საბოლოო ვერსიას წარვადგენთ პარლამენტში. მანამდე გვაქვს პერიოდი, რომ პარლამენტთან და დეპუტატებთან ვითანამშრომლოთ აქტიურად და საბოლოო ვერსიაზე შევჯერდეთ", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პარლამენტმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თავდაპირველი ვერსიის განხილვა ოქტომბრის ბოლოს დაასრულა და დოკუმენტი შენიშვნებით მთავრობას დაუბრუნა. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შემაჯამებელი განხილვა და დამტკიცება წლის ბოლოს მოხდება.