COVID-19 - ბოლო ცნობები

„მწვანე პასპორტები“ 1 დეკემბრიდან ამოქმედდება

„მწვანე პასპორტის" მოთხოვნა იმოქმედებს 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის, ასევე ტურისტებისთვის.
Sputnik
თბილისი, 8 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში 1 დეკემბრიდან „მწვანე პასპორტების“ კონცეფცია ამოქმედდება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
„მწვანე პასპორტებში“ ასახული იქნება თითოეული მოქალაქის კორონავირუსთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია – გადატანილი დაავადება, PCR-ტესტის შედეგები, ვაქცინაციის კურსი.

„1 დეკემბრიდან ამოქმედდება ე.წ. მწვანე პასპორტის კონცეფცია და გაფართოვდება მისი არეალი. რას ნიშნავს „მწვანე პასპორტი"? – პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი სრულად ვაქცინირებულია, ჩატარებული აქვს 72-საათიანი PCR-ტესტი ან 24-საათიანი ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი", – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, „მწვანე პასპორტის" მოთხოვნა იმოქმედებს 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის, ასევე ტურისტებისთვის.
1 დეკემბრიდან მოქალაქეები სხვადასხვა ობიექტებში - კვების ობიექტები, რესტორნები, კაფე-ბარები, კინოთეატრები, ოპერა, მუზეუმები, საკონცერტო დარბაზები, გასართობი ცენტრები, სამორინეები და სათამაშო ბიზნესის ობიექტები, სპა-ცენტრები, ფიტნეს-დარბაზები, სასტუმროები - მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტით" შეძლებენ შესვლას. აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება მხოლოდ ობიექტების სტუმრებზე და არა პერსონალზე.