გიული ალასანია: მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გაიყვანეს

სავარაუდოდ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჰოსპიტალიზაცია ვერტმფრენის საშუალებით მიმდინარეობს.
Sputnik
თბილისი, 8 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან გამოიყვანეს, განუცხადა ჟურნალისტებს პოლიტიკოსის დედამ გიული ალასანიამ.
მან აღნიშნა, რომ შვილის მონახულება სურდა, მაგრამ ის ციხეში არ შეუშვეს, რადგან ის იქ აღარ იმყოფებოდა.

„ცოტა ხნის წინ გაიყვანეს ბრონირებული მანქანებით და მერე ვერტმფრენში ჩასვეს, როგორც ჩანს“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

მიხეილ სააკაშვილმა პროტესტის ნიშნად 1 ოქტომბერს ციხეში შიმშილობა გამოაცხადა. მისი პირადი ექიმის ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, შიმშილობის 39-ე დღეს ექს-პრეზიდენტის მდგომარეობა მძიმეა და კრიტიკულთან ახლოსაა.
მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში 29 სექტემბერს მალულად ჩამოვიდა და 1 ოქტომბერს ის თბილისში დააკავეს. სააკაშვილი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, ხოლო მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს – ფაბრიკაციად.
ყოფილი პრეზიდენტი სასამართლომ დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა შეწყალების და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.