ხობში პოლიციელს კოლეგის მკვლელობისთვის ბრალი წარედგინა

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
Sputnik
თბილისი, 7 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ შსს-ს ხობის რაიონული სამმართველოს ჭალადიდის პოლიციის უბნის ინსპექტორ-გამომძიებელს საკუთარი კოლეგის მკვლელობისთვის ბრალდება წარუდგინა.
უწყების ცნობით, პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 5 ნოემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის პოლიციის განყოფილების შენობაში ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე საკუთარი ტაბელური ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლით ამავე განყოფილების უბნის უფროს ინსპექტორ-გამომძიებელს ჭრილობები მიაყენა. მამაკაცი მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
სამეგრელოში პოლიციელი მოკლეს
თვითმხილველების განცხადებით, მათ 14 გასროლის ხმა გაიგონეს, ხოლო როგორც მოკლული, ისე ეჭვმიტანილი არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ.
სამართალდამცველებმა პოლიციელი იმავე დღეს დააკავეს.
მას ბრალდება სსკ-ის 108-ე მუხლით წარედგინა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს მიმართავს.