თბილისი, 7 ნოემბერი - Sputnik. ბაქოში დასრულებული დიდი სლემის ტურნირის დასკვნით დღეს ქართველმა ძიუდოისტებმა სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენბექა ღვინიაშვილი და ლუკა მაისურაძე (ორივე -90 კგ), ასევე ონისე სანებლიძე (-100 კგ).
მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ღვინიაშვილმა იაპონიის წარმომადგენელი გოკი ტაჯიმა დაამარცხა, მაისურაძემ - ყირგიზეთის წარმომადგენელი ერლან შეროვი. რაც შეეხება სანებლიძეს, მან აზერბაიჯანელ ადილ ქარიმლის აჯობა.
ამრიგად, საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა ბაქოს „დიდი სლემი" ოთხი მედლით დაასრულეს. ტურნირის პირველ დღეს შეჯიბრების გამარჯვებული ჯაბა პაპინაშვილი (-60 კგ) გახდა.
საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა მამაკაცებს შორის მეოთხე ადგილი დაიკავა. გამარჯვებული გახდა იაპონიის ნაკრები, რომლის ძიუდოისტებმა ექვსი მედალი მოიპოვეს (2-1-3). მეორე ადგილზეა რუსეთი (2-1-0), მესამეზე - აზერბაიჯანის ნაკრებია (1-1-4).