COVID-19 - ბოლო ცნობები

გახდება თუ არა 60 წელს გადაცილებულთა ვაქცინაცია სავალდებულო

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი საკოორდინაციო საბჭოზე, რომლის სხდომაც ორშაბათს არის ჩანიშნული, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ელოდება.
Sputnik
თბილისი, 7 ნოემბერი – Sputnik. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე მთელი რიგი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.
„ეს იქნება როგორც წამახალისებელი ღონისძიებები 60 წელს ზემოთ მოქალაქეებში, ასევე ე.წ. მწვანე პასპორტთან მიმართებაში. ამ ღონისძიებებმა მაქსიმალურად უნდა გაზარდოს აცრის მოცვა ქვეყანაში, რადგან აცრის გარეშე ეს პანდემია არ დამთავრდება, გვექნება ახალი ტალღები და სამწუხაროდ, დიდი ადამიანური დანაკარგი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
გამყრელიძის განმარტებით, 60 წელს გადაცილებული პირების სავალდებულო ვაქცინაციაზე არ არის საუბარი, მომზადებულია მთელი რიგი პაკეტი წამახალისებელი ღონისძიებების, რათა ამ ასაკის ადამიანებს აცრის სურვილი გაუჩნდეთ.
„ხშირად სვამენ კითხვას, რატომ ეს ასაკობრივი ჯგუფი – რადგან ამ ასაკზე სიკვდილიანობის 60% მოდის. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენ გარდაცვლილთა 99% გვყავდა აუცრელი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისი განცხადებით, როგორ განვითარდება მოვლენები, პროგნოზის გაკეთება რთულია. ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მიხედვით, წლის ბოლოსთვის ზრდასრული მოსახლეობის 60% უნდა ყოფილიყო აცრილი. ახლა აცრილია 33,3% და ქვეყანა შორს არის ვაქცინაციის ეროვნული გეგმის შესრულებისგან. ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს – აგრესიული საკომუნიკაციო კამპანია, წამახალისებელი ღონისძიებები და ე.წ. მწვანე პასპორტების სისტემა, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას.
სავალდებულო ვაქცინაცია, ფასიანი მკურნალობა აუცრელებისთვის - ზურაბიშვილის თვალსაზრისი
მისივე თქმით, თუ ქვეყანაში ვაქცინაციის მაჩვენებელი მაღალი არ იქნება, ვირუსის ტალღა ორ თვეში ერთხელ განმეორდება, მით უმეტეს ნოემბერი-დეკემბერი იქნება რთული სხვა რესპირატორული ვირუსების ზედდების გამო.
ბოლო ერთ კვირაში კორონავირუსი გამოუვლინდა თითქმის 37 ათას ადამიანს, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 752 ათასს აჭარბებს.
მიუხედავად იმისა, რომ მასობრივი ვაქცინაცია საქართველოში 5 ივლისს დაიწყო, დღეისათვის სრულად აცრილია ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ 33,3%, მაშინ როდესაც მასობრივი იმუნიტეტის გამომუშავებისთვის 70%-ის ვაქცინაციაა საჭირო.