მსოფლიო დღეს

ექვსი მეშახტე დაიღუპა ყაზახეთში მეთანის ამოფრქვევის შედეგად

შახტში ავარიის მომენტში სულ 64 ადამიანი იმყოფებოდა, 56-მა ევაკუაცია თავად მოახერხა.
Sputnik
თბილისი, 7 ნოემბერი - Sputnik. ყაზახეთში, ყარაღანდის ოლქში „აბაისკაიას“ შახტზე მეთანის ამოფრქვევის შედეგად ექვსი მეშახტე დაიღუპა, ორი კი დაშავდა, იუწყება Sputnik-ყაზახეთი.
საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, ავარია კვირას ადგილობრივი დროით 9:30 საათზე მოხდა.
„წინასწარი ინფორმაციით, შახტში სულ 64 ადამიანი იმყოფებოდა. 56-მა ადამიანმა თვითევაკუაცია მოახერხა. დარჩენილი რვა ადამიანიდან ექვსი ადგილზე დაიღუპა, ორი დაშავდა. მიმდინარეობს დაღუპულების და დაშავებულების ამოყვანა“, - განაცხადეს საგანგებო სიტუაციების სამინისტროში.
მაღაროში საწარმოო პროცესი შეჩერებულია. საგანგებო სიტუაციის შედეგების ლიკვიდაციაში 20-ზე მეტი მაშველი მონაწილეობს, პროცესში სამი ერთეული ტექნიკაა ჩართული.
ყაზახეთის პრემიერ-მინისტრ ასკარ მამინის დავალებით, ადგილზე იმყოფება კომისია საგანგებო სიტუაციების მინისტრ იური ილინის ხელმძღვანელობით.
მომხდარის გარემოებებსა და მიზეზებს გამოძიება შეისწავლის.